ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებების ანატომია


ოკუპაციის საზღვარი ხურვალეთთან
ოკუპაციის საზღვარი ხურვალეთთან

ადგილობრივები ხურვალეთში ამბობენ, რუსებმა ღობის შესაძენი ფული დაზოგეს და მავთულხლართი პირდაპირ მოსახლეობის მიერ საკუთარ ბაღებზე შემოვლებულ ლითონის ბადეს გააყოლეს. ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ ხაზთან თუ მიხვალთ ამ ადგილას, ნახავთ, რომ სპეციალური ბოძებისა და საყრდენების დამონტაჟებისთვის თავი აქ არავის შეუწუხებია. ეკლიანი მავთულხლართი კერძო მესაკუთრეების მიერ დაფიქსირებულ საკარმიდამო ნაკვეთებზეა მიბმული.

სოფელი ხურვალეთი თბილისი-გორის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან ოთხიოდე კილომეტრში მდებარეობს. ხურვალეთს მიბმულ პატარა ნაწილს ზოგი ახალ ხურვალეთს უწოდებს. ადგილობრივებისთვის ეს ბობნევია. აქ 9 ოჯახი ცხოვრობს. ოთინაშვილები, მაყიშვილები, ვანიშვილები... მოსაყოლი იმის თაობაზე, როგორ დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა (ზოგიერთი რამდენიმეგზის), აქ ყველას აქვს. მათ შორისაა მაია ოთინაშვილიც. ხურვალეთში მისი მეუღლის მშობლიური სახლია, დედამთილიც აქ ცხოვრობს. თავად მაიას მშობლები დევნილები არიან და მეზობლად მდებარე შავშვების დასახლებაში აქვთ კოტეჯი. მაია, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად გორში გადავიდა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლის ყიდვისთვის საკმარისი თანხები არ ჰქონდა, ამიტომ კოტეჯი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში შეიძინა დევნილისგან.

ეს დასახლება ქალაქის განაპირასაა, მაგრამ ბავშვებსსპეციალური ტრანსპორტი ემსახურება და გორის სკოლაში დაჰყავს, უქმეებს კი უმეტესად, სოფელში ატარებენ.

ურთიერთკავშირი მეზობლებს შორის ხურვალეთსა და მის მიმდებარედ იქამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ვიდრე აქ რუსი მესაზღვრეები მოვიდოდნენ და მავთულხლართს გააბამდნენ. მეზობლებიერთმანეთისთვი სუცხოებად, წესით, ამ მავთულხლართს უნდა ექცია, თუმცა ადამიანური ფაქტორის გაკონტროლება რუსი მესაზღვრეებისთვისაც შეუძლებელია. რუსული გაკვეთილების თანახმად, ოფიციალურად რომ ერთმანეთის მტრები არიან, ოსებმა და ქართველებმა, იციან, მაგრამ არაოფიციალურად ურთიერთობას მაინც აგრძელებენ. ასე მაგალითად, ქართული პენსიის ასაღებად ან სხვა სერვისით სარგებლობისთვის როდესაც ოკუპირებულ მხარეს მოხვედრილ მეზობელს დახმარება სჭირდება, ხურვალეთელები უარით არ ისტუმრებენ. მათ შორისაა მაიაც.

„როგორ უნდა უთხრა უარი, როდესაც ადამიანი მოდის და გთხოვს, აქამდე მისვლაში დამეხმარეო?“ - გვეკითხება მაია და არ მალავს, რომ ბევრს დახმარებია გადაადგილებაში, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ის ასეთი ერთადერთი არაა და რომ კიდევ ბევრი სხვაც მზადაა მეზობლების დასახმარებლად. სწორედ ამიტომ დაისაჯა.

ადგილი, საიდანაც მაია ოთინაშვილი გაიტაცეს, მისი ოჯახის საკუთრებაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებენ და სადაც მოსავალი მოჰყავთ. ამერიკის ხმამ ხურვალეთში ყოფნისას ბაღის ის მონაკვეთი მოინახულა, სადაც ინციდენტი მოხდა. იმ ფაქტს, რომ მაიას რუსი მესაზღვრეები საგანგებოდ ჩაუსაფრდნენ, იქვე დაგდებული რუსულ აქციზიანი სიგარეტის კოლოფიც მოწმობს. სიგარეტის ღერები მესაზღვრეებს მაიას ლოდინში შემოელიათ და ცარიელი კოლოფი ოთინაშვილების ბაღში მოისროლეს. „ძაღლებმა კი ატეხეს თავიდან ყეფა, მაგრამ შემდეგ დაწყნარდნენ და მეც განვაგრძე გზა. შემდეგ, თითქოს მიწიდან წამოდგნენ ის ნიღბიანები, ორი ადამიანი. ერთს შავი ქუდი ეხურა, მხოლოდ თვალებზე და პირზე ამოჭრილი, მეორეს სამხედრო კამუფლაჟიანი ნიღაბი ჰქონდა აკრული,“- ამბობს ჩვენთან საუბრისას მაია. ამ სტრესული დღეების გახსენება რომ მისთვის ძალიან რთულია, ყველა მოძრაობაზე ეტყობა.

მიუხედავად მოულოდნელი თავდასხმისა, მისი წინააღმდეგობა მაინც ძლიერი იყო. „ბევრი ვიბრძოლე. ერთს კიდევაც ჩავარტყი. ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ჩავარტყი, თან მაგრად. ბორკილები რომ დამადეს და ხელები უკან შემიკრეს, ამიტომ ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა შემდეგ, თორემ შანსი არ იყო, ვერ დამიჭერდნენ,“- გვეუბნება მაია და იხსენებს, როგორ ჩასწიეს რუსმა მესაზღვრეებმა ფეხით მავთულხლართი და ბორკილებდადებული როგორ გადაისროლეს მეორე მხარეს. „როგორც შეშას გადააგდებდნენ, ისე გადამისროლეს“,- ამბობს თვითონ. მეორე მხარესაც ორი ნიღბიანი მესაზღვრე ელოდა. სანამ მანქანამდე მიიყვანდნენ, გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა. „გამოვიქეცი, ცოტა მაკლდა და აქეთ მხარეს ვიქნებოდი, მაგრამ წავიქეცი და ბორკილის გამო, სწრაფად ვერ წამოვდექი. მოასწრეს და დამიჭირეს“, - ასეთია მაიას დაკავების ისტორია.

მოგვიანებით, როდესაც ამბავი გახმაურდა და ინციდენტი რეზონანსული გახდა, ცხინვალში ძალიან ცდილობდნენ იმ ტრავმის კვალის გაქრობას, რაც მაიამ დაკავებისას მიიღო. ყინულებსა და ცივ საფენებს ადებდნენ. „ასეთი ამბავი თუ ატყდებოდა, რა ვიცოდითო, ასე მეუბნებოდნენ,“ - ამბობს მაია და იმის შესახებ საუბრობს, თუ რამდენად ეხმარება დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ყურადღება ცხინვალის ციხეში მოხვედრილ ადამიანს.

მაია ოთინაშვილს ახლა დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ აკრძალული აქვს მავთულხლართთან მიახლოვება. „მთავარი ისაა, რომ აღარ უნდა დამიჭირონ, თორემ ვისი რა საქმეა, მე აქეთ რას გავაკეთებ,“- გვეუბნება სანქციების შესახებ საუბრისას. ოღონდ ისაა, რომ მას შემდეგ, „იქით გახედვა“ აღარ უნდა - „შიში გამიჩნდა, სულ მარტო ყოფნა მინდა, შეიცვალა ჩემთვის ბევრი რამ. თუ ეს მავთულხლართი არ აიღეს, რა უნდა გვეშველოს? - არაფერი. თვითონ ოსები მეუბნებოდნენ, რა ვქნათ აბა, რა გიშველოთ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის არაფერიო“.

მაია ოთინაშვილის დაკავება მეზობლებაც გაიგეს, მათ შორის, დათა ვანიშვილმაც, რომელიც ამ ადგილიდან ასიოდე მეტრის დაშორებით ცხოვრობს, მაგრამ მისი დახმარება ვერავინ შეძლო. „აი, ამ ადგილას დაიჭირეს, ფარდული რომ დგას. ამ წლების განმავლობაში რუსები აქ არ მოსულან. ჩვენი ბაღია ეს. შიგნით შედიხარ, გამოდიხარ ჩვეულებრივად, საქართველოს ტერიტორიაა. არც ისაა იმათი, მაგრამ... მისვლით იქამდე მივალ, მაგრამ ბაღში აღარ შევალ სამართალდამცავების გარეშე, როდის ვინ გადმოხტება, ვინ იცის? მე დავინახე მაია გადაყვანის მომენტში. მანამდე ხმაც არ გამიგია. როდესაც გავიაზრე, რა ხდებოდა და უნდა გავქცეულიყავი მისახმარებლად, იქით მხრიდან კიდევ ორმა ამოჰყო თავი. ოთხ შეიარაღებულ კაცთან, ცარიელი ხელებით ვერაფერს გააკეთებ, რა უნდა გააკეთო? სახლიდან ერთად გამოვედით, მაგრამ მე მივბრუნდი ჯოხის ასაღებად, კაკალი უნდა დაგვებერტყა და მსხალი მოგვეკრიფა - სხვა რისთვის წავა გლეხი კაცი ბაღში? - მოსავლის ასაღებად. ეს გატაცება სწორედ ამ მომენტში მოხდა,“- გვეუბნება მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრი, რომელიც იდენტიფიცირებას ერიდება.

იმის შესახებ, რომ მაია ადგილობრივებს გადაადგილებაში ეხმარებოდა ჩვენთან საუბრისას მისი დედა გალინა ქელეხსაევა ადასტურებს, თუმცა შვილის დაკავებას ამის გამო, ვერაფრით წარმოიდგენდა: „ჩემ შვილს რომ გაიტაცებდნენ, ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რადგან იქ მავთულხლართია. ეგრეთ წოდებული საზღვარი თუ არ გადაკვეთა, ისე როგორ დააკავებენ - მეთქი, ვფიქრობდი. საზღვარი კიდევ არ გადაუკვეთია. თქვენც რომ იყავით იმ ადგილას და დაათვალიერეთ? - იქ მავთულხლართია. რა ვთქვა? უძლურები ვართ.“

მაია ოთინაშვილის დაკავება ერთგვარი რევანშია იმის გამო, რომ ის, ისევე როგორც სხვა ადამიანები, მავთუხლართებს მიღმა აღმოჩენილ ეთნიკურ ოსებს ეხმარებიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადგილებაში, რათა აქ მათ სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ.

მაიას თერთმეტ დღიანი დაკავების შემდეგ გამოტანილი სანქცია მას სწორედ ადამიანთა გადაადგილებაში დახმარებას უზღუდავს.

მაია ოთინაშვილის ისტორია რუსი მესაზღვრეების მიერ ადამიანთა გატაცების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კონფლიქტის ზონაში.

XS
SM
MD
LG