ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტები, ინციდენტების პრევენციის წილ


სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა ხურვალეთთან, რუსი მესაზღვრეების მიერ
სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა ხურვალეთთან, რუსი მესაზღვრეების მიერ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა ერგნეთში, მძიმე ფონზე გაიმართა. ახალი მანევრები რუსი მესაზღვრეების მხრიდან ერთის მხრივ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ჩორჩანასა და წაღვლთან და მეორეს მხრივ, ხურვალეთთან, სხვებთან ერთად, განსახილველი საკითხების ნუსხაში შევიდა.

ეგრეთ წოდებული IPRM-ის შეხვედრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ერთი შეხედვით, ფორმატი გარკვეულ მოლოდინებს ქმნის და ამ მოლოდინების შექმნას თავად მონაწილეები უწყობენ ხელს, როდესაც გატაცებისა თუ სხვა ინციდენტის დროს აცხადებენ: „საკითხს ერგნეთის შეხვედრაზე დავაყენებთ“.

ამ ნათქვამით რჩება გარკვეული იმედისმომცემი შთაბეჭდილება, თუმცა ჩაივლის ერგნეთის შეხვედრა და „საკითხის დაყენების“ შედეგი დიაპაზონს: „საკითხი დავაყენეთ“ და „საკითხს მომავალ შეხვედრაზე კვლავ დავაყენებთ“ არ სცდება. ანალოგიური შეიძლება ითქვას მიმდინარე, ყველაზე აქტუალურ და ცხელ მოვლენებთან მიმართებითაც ერგნეთის შეხვედრის ჭრილში.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანისა და წაღვლის მცხოვრებლებმა სოფლებთან მიმდებარე ტყეში უცნაური მონიშვნები იპოვეს. ხეები, გარკვეულ პერიმეტრზე, ყვითელი საღებავით იყო დაფერილი. ამ ადგილას, სადაც ხაშურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, ტერიტორია მავთულხლართებით გაღობილი არაა. ადგილობრივებისთვის ერთგვარ მიჯნას მდინარე ფრონე წარმოადგენს. ამ დრომდე, ცნობილი იყო, რომ დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტოლირებადი ტერიტორია მდინარის გაღმაა, ჩრდილოეთის მიმართულებით. მდინარის სამხრეთით კი გადაადგილება უსაფრთხოა. ყვითელი ხაზები არსებულ „წესრიგს“ ცვლის.

ვაჟა ლომიძე, ხაშურის მერის წარმომადგენელი წაღვლსა და ჩორჩანაში გვეუბნება, რომ მის საგამგებლო ერთეულში შედის სოფელი ყობიც, სადაც ბევრი შერეული, ქართულ-ოსური ოჯახია და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მეზობლად მდებარე ოსურ სოფელ წნელისთან. „ამ სოფლებს ესაზღვრება ოსური სოფელი წნელისი. ყოფილი ზნაურის რაიონია, ახლა რუსი ჯარისკაცები დგანან იქ. ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ყობს ესაზღვრება. წნელისელმა ოსებმა თქვეს, ჩვენ არ წაგვისვამს საღებავი და არც სამხედროებს არ წაუსვამთო. ჩვენ, ადგილობრივები ყვითელი ნიშნულის მიღმა გადავსულვართ და რუსებისგან რეაქცია არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემთან არავის ჰქონია კომუნიკაცია და არ გავუფრთხილებივართ გადაუსვლელობის თაობაზე. რაც ჩვენ ვნახეთ, სულ მცირე 500-600 მეტრის გაყოლებაზე მაინცაა მონიშნული ხეები“,- გვეუბნება ვაჟა ლომიძე და მომხდარით გაკვირვებას ვერ მალავს.

მისთვის, თავდაპირველად, იმდენად უჩვეულო იყო მომხდარი, დაუშვა ისიც, რომ საღებავი, შესაძლოა, ვინმე ადგილობრივმა წაუსვა ხეებს, ტყის გაკაფვისგან დაცვის მიზნითო. ვინ დაიტანა ხეებზე ყვითელი საღებავი- პროცესს ადგილობრივთაგან არავინ შესწრებია.

აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებული ინტერესის ობიექტად მახლობლად არსებული ბუნებრივი წიაღისეული აქცევს. ამის თაობაზე ხმაური ერთხელ უკვე ატყდა, გასული წლის ივნისში. მხოლოდ მაშინ პრობლემა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს აბანოსა და კოდას შეეხო.

საქმე ისაა, რომ ზემოთხსენებული სოფელი წნელისი, რომელიც დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლდება და ყოფილ ზნაურის რაიონს, ახლანდელ ყორნისის თემს წარმოადგენს, ერთის მხრივ ესაზღვრება როგორც ქარელის მუნიციპალიტეტს (აბანო, კოდა), ისე ხაშურის მუნიციპალიტეტს, რომლის მიმდებარედაც გაჩნდა ახალი მონიშვნები. სწორედ ამ ტერიტორიების სიახლოვესაა ეგრეთ წოდებული ტალკისა და დოლომიტის საბადოები. ამ ბუნებრივი წიაღისეულის შესახებ კი დე-ფაქტო ადმინისტრაციას თავისი გეგმები აქვს და მათ შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადეს.

2018 წლის 21 ივნისს "ამერიკის ხმის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „მოლაპარაკებები ჟენევაში და განზრახვები აბანოსა და კოდისთვის“ დე–ფაქტო პარლამენტის ვიცე სპიკერის რუსლან თედეევის ნათქვამია მოყვანილი, რომლის თანახმად, „ზნაურის, იგივე ყორნისის თემის სოფელ წნელისის მაცხოვრებლები მოითხოვენ საზღვრის კორექტირებას, რის შესახებაც კომიტეტმა იმსჯელა“. შედეგად, ოსური მხარე დაეყრდნო რა 1936 წლის რუკას, განაცხადა, რომ „წნელისის მიმდებარედ ეგრეთ წოდებული საზღვრის მონიშვნა სხვაგვარად მოხდება“.

ზემოთხსენებული განცხადება დე-ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გასული წლის ივნისში, ჟენევაში გააკეთა. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს პროცესის გაგრძელებად და ოსური მხარის მიერ გასულ წელს დაანონსებული „საზღვრის სხვაგვარად მონიშვნად“ ხეების შეღებვა, ასევე მდინარე ფრონეს გადმოკვეთა და ქართული მხარის მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა, ამის შესახებ მწირად საუბრობს ერგნეთის შეხვედრიდან გამოსული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე. „ვისაუბრეთ წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე, რაც შეიცავს ძალიან საშიშ ელემენტებს და შესაძლოა, დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო“,- ამით შემოიფარგლა იგი საკითხის კომენტირებისას.

სამოქალაქო პატრულის მოხალისეთა ჯგუფი „ძალა ერთობაშია“ პირველი იყო, ვინც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარედ მონიშნული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა. „რეალურად, კილომეტრებია მონიშნული აქ. სამი კვირის წინ სწორედ რუსმა პატრულმა გააჩერა ამ ადილას კოდელი ახალგაზრდა, რომელიც ჩორჩანის ტყეში იმყოფებოდა. სწორედ მას უთხრეს, აქ მეორედ აღარ მოხვიდეო. სწორედ ეს ადამიანი დაგვეხმარა ამ ნიშნულების მიგნებაში. ჩვენ მას შემდგომ დავიწყეთ პატრულირება ჩორჩანას ტყეში და ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ ტყე ამ აქტიურობით დავიბრუნეთ. შარშან, როდესაც ჩვენ დოლომიტის საბადოებთან ვაწარმოებდით პატრულირებას, პოლიცია ჩორჩანის ტყეებთან მიახლოებასაც გვიკრძალავდა, რადგან თვლიდა, რომ ეს უსაფრთხო ადგილი არ იყო,“- გვეუბნება დავით ქაცარავა, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი და იმის თაობაზე აგრძელებს საუბარს, რომ სამოქალაქო პატრულის მოხალისეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„ახლა სამ ლოკაციაზე ვართ რეალურად. ატოცში, ჩორჩანასა და ხურვალეთში. აქ, რუსები, დიდი ალბათობით, მოინდომებენ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მონიშვნას. ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან მკვეთრი ამ მიმართულებით და ასევე საზოგადოებაც. რუსი მესაზღვრეების ქმედებები დიდ რეზონანსს უნდა იწვევდეს ხალხში“,- ამბობს ქაცარავა და დასძენს , რომ ჩორჩანაში სამოქალაქო პატრულირების შედეგად, შსს-ს ახალი საგუშაგოები გაიხსნება უშუალოდ ტყეში - „ეს ჩვენი გამარჯვებაა, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მოსახლეობა კვლავ შეძლებს ჩორჩანის ტყეში მოძრაობას.“

ხურვალეთის მიმართულებით სიახლეს კი სამეთვალყურეო კოშკურა წარმოადგენს, რომელიც ოსურ სოფელ ძუკაანთკარში იდგმება. მისი მონტაჟის სამუშაოები ერგნეთის შეხვედრის წინ დაიწყო. ხურვალეთი 2008 წლის შემდგომ გავლებულმა ეკლიანმა მავთულხლართმა შუაზე გახლიჩა. არაკონტროლირებად მხარეს რამდენიმე ოჯახის კუთვნილი სახლი და სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი მოქცა. მათ შორის, განსაკუთრებით ცნობილია დათა ვანიშვნილი, ვინც, მიუხედავად არაერთგზის მუქარისა, არ შეიშინდა და დღემდე აქტიურად აფიქსირებს უკმაყოფილებას ოკუპაციის გამო. ხურვალეთში, მავთულხლართს მიღმა ის უამრავ საერთაშორისო დიპლომატსა და მაღალი რანგის მოხელეს ხვდება. ამ პროცესს მედია ინტენსიურად აშუქებს, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, სათვალთვალო კიდევ ბევრი რჩება, ამიტომაც სამეთვალყურეო კოშკი სწორედ ამ პერიმეტრს დააკვირდება.

თვალთვალის ძირითადი ობიექტი, უცხოელი დიპლომატების გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. როგორც ცნობილია, დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული ქართული პენსიის ასაღებად, ასევე სამკურნალოდ და სხვა სერვისების მისაღებად მოქალაქეები რუსებისგან ფარულად ახერხებენ გადმოსვლას. სწორედ ამ პროცესში, გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა კომუნიკაციის პროცესში ხედავს ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის ფედერაცია. ქართულ მხარეს ეთნიკური ოსების გადმოსვლაში დახმარების გამო დააკავეს ხურვალეთის არა ერთი მცხოვრები. ამ თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი და თვალსაჩინო აღმოჩნდა მაია ოთინაშვილის გატაცება.

ერგნეთის შეხვედრიდან გამოსულმა იგორ კოჩიევმა, დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა (პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე) განაცხადა: „ეს გახლავთ სათვალთვალო კოშკი და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივებისთვის. მისი მიზანია პერიმეტრის გაკონტროლება. ეს საჭიროა, რადგან ხანძარი შეიძლება მოხდეს, ან სხვა რამ.“ ოსურმა მხარემ შეხვედრაზე დააფიქსირა უკმაყოფილება ქართული მედიის მუშაობის მიმართაც. „მედია საქართველოში საუბრობს იმაზე, თითქოსდა ჩვენ ვიტაცებთ ადამიანებს, ასევე იმის თაობაზე, რომ ბევრი არ გვიკლია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე, რადგან აქ თითქოს ხალხი შიმშილობს“. ოსური მხარე აპროტესტებს ასევე ტატუნაშვილის საკითხის წამოჭრას, რადგან, მათი მოსაზრების თანახმად, ეს თემა აღარაა კავშირში ინციდენტების პრევენციის ფორმატთან. ოსური მხარე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზეც, რომ მათ ქართველმა კოლეგებმა გაუზიარეს ინფორმაცია ნატოს დაგეგმილი წვრთნების თაობაზე საქართველოში, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს.

ამ დრომდე დე-ფაქტო ადმინისტრაციას ცალმხრივად კვლავ ჩაკეტილი აქვს გამშვები პუნქტები, რომელთა გახსნის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ მოძრაობა მაშინ აღდგება, როდესაც საქართველოდან წითელას ეპიდემიის საფრთხე მოიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG