ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიები სიის წილ


სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.
სოხუმი, ა. ბუკიას ფოტო.

ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის საპირწონედ საკუთარი სიები შექმნეს დე–ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აფხაზური, „ხიშბა–სიგუას“ სიაში შესული პირების ვინაობის თაობაზე ცნობილია. რაც შეეხება ოსურ სიას, რომელსაც „გრიგორი სანაკოევის“ სახელი უწოდეს, მასი შემადგენლობის თაობაზეინფორმაცია წლის ბოლოს გვექნება. ამასთან, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი პიოტრ გასიევი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელშიც ქართული მხრიდან ომის დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა შესულიყვნენ. თუმცა ამჯერად სიის შემადგენლობა არა მხოლოდ ქართველებით იქნება შემოფარგლული, არამედ მასში შევლენ აშშ–სა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები – „ვინც მონაწილეობას ღებულობდნენ გენოციდში სამხრეთ ოსეთში“, – აცხადებს გასიევი.

სამხრეთ ოსური სანქციები „გრიგორი სანაკოევის“ სიაში შესული პირების მიმართ გაითვალისწინებს არა მსოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმდეგბლობის დაკისრებას, არამედ ძიებას ინტეპოლის ხაზით – აცხადებს ოსური მხარე.

გრიგორი (გრიშიკა) სანაკოევი, ვის სახელსაც ოსური სია ატარებს, 1974 წელს დაიბადა და 1992 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა „სამშობლოს დაცვისას“, როგორც ამას ოსური წყაროები ამბობენ. დე–ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გრიშიკ სანაკოევის დედას, აზა კოკოევას „ოსეთის გმირის“ ორდენი შვილის სახელზე 2012 წელს გადასცა, ოსეთის რესპუბლიკის შექმნის 22 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ამერიკის ხმასთან დიმიტრი სანაკოევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი საუბრობს. ის იხსენებს გრიშიკ სანაკოევს, ადამიანს, რომლის სახელობის სიის თაობაზეც გახდა ცნობილი და აცხადებს, რომ მისი შედარება ოთხოზორია–ტატუნაშვილის მკვლელობასთან სრულიად უადგილოა, რადგან სანაკოევი იარაღით ხელში იბრძოდა და ბრძოლის დროს დაიღუპა, განსხავებით ოთხოზორიასა და ტატუნაშვილისგან, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. „ფრისი და ერგნეთი სადაც უერთდება, იმ ადგილას იყო ბრძოლა და ეს ბიჭი, მაშინ მოკლეს 1992 წელს. იარაღი ეჭირა ხელში, იბრძოდა და იმ დროს გარდაიცვალა. ბრძოლა ბრძოლაა, ტრაგედია კიდევ სხვაა – ესაა როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან, კლავენ, აუპატიურებენ. ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას ამბავი სრულიად სხვა შემთხვევაა. გრიშიკას იარაღი ეჭირა, ომობდა, იბრძოდა და ბრძოლაში გარდაიცვალა და არა ისე, რომ სადმე სოფელში ყოფილიყო, მშვიდობიანად და იქ მოეკლად. ეს ამბავი ზუსტად ვიცი.

არსებობს კადრებიც, რომელშიც მისი უშუალო ხელმძღვანელი საუბრობს იმის თაობაზე, როგორ იბრძოდნენ, როგორ შევიდა ქართული ჯარი, როგორ მისცა თვითონ ხელმძღვანელმა ბრძანება პოზიციების დატოვის თაობაზე გრიშიკა როგორ დაიჭრა და როგორ დატოვეს ის იქ. შემდგომ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკლეს. გრიშიკა იარაღით ხელში რომ იბრძოდა, ამის თაობაზე ზუსტი ცნობები არსებობს“,– გვეუბნება დიმიტრი სანაკოევი.

არსებობს ცნობები კიდევ ერთი გრიგორი სანაკოევის თაობაზე, რომელიც 2004 წელს ორკვირიანი საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალა წვერიახოს აღებისას. მისი ცხედარი იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა. იმ პერიოდის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა სანაკოევის ცხედარი გააპატიოსნეს და ქრისტიანული ტრადიციისამებრ დაკრძალეს (რადგან ყელზე ჯვარს ატარებდა), მოგვიანებით კი ის ოსურ მხარეს გადასცეს.

ზოგადად ქართულ–ოსური, ისევე, როგორც ქართულ–აფხაზური ურთიერთობები, გასული საუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული ადამიანური ტრაგედიებითა და ტკივილითაა სავსე.

ამერიკის ხმასთან საუბრობს სოსო ვახტანგაშვილი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ცხინვალის რეგიონიდან 90 წლების პერიოდს იხსენებს, როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის შეტაკებებსა და დაპირისპირებას ინტენსიური ხასიათი ჰქონდა და ჯართან ერთად, პროცესში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები იყვნენ ჩართული. „ჩემთვის ქართულ–ოსური კონფლიქტი არ არის ეთნიკური ხასიათის კონფლიქტი. ესაა რუსული მხარის მიერ დაგეგმილი ქმედება, რაც მიმართული იყო დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა. ეთნიკური ნიშნით დევნას იმ პერიოდში თავი ვერ ავარიდეთ როგორც ჩვენ, ასევე ოსებმა. ატენიდან, ყაზბეგიდან, ბაკურიანიდან ზოგჯერ იძულებით და ზოგჯერ შექმნილი ვითარების გამო, ბევრი ოსი ეროვნების ადამიანი გაიქცა რუსეთში, ჩრდილო ოსეთში... მეც დევნილად ვიქეცი“,– გვეუბნება სოსო ვახტანგაშვილი.

მან ცხინვალის პირველი საშუალო სკოლა 89 წელს დაამთავრა. ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდგომ, მეორე კურსიდან კი უკვე დევნილად იქცა. „სანაკოევის სიის“ თაობაზე ის ამბობს: „ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის შედგენა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ამ დანაშაულებს ვხედავთ, ვამჩნევთ და ადრე თუ გვიან, დამნაშავეები დაისჯებიან. მე ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო ქმედითი ყოფილიყვნენ ჩვენი სპეც–სამსახურები და არა მხოლოდ სიის შედგენით შემოფარგლულიყვნენ. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ოსური და აფხაზური მხარე იგივეს გააკეთებდა. თუმცა მე ვფიქრობ, რეალური შედეგები ამ სიებს არ მოჰყვება. ეს ალბათ არის უფრო პოლიტიკური რეაგირება. მაგალითად, ოსები და აფხაზები, ალბათ სააკაშვილს შეიყვანენ სიაში, რომელსაც, ვთქვათ, „შეეზღუდება გადაადგილება“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (რომელსაც აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა). სააკაშვილი რუსეთში არ წავა და სავარაუდოდ, არც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები არ გავლენ ევროპაში. ამიტომ აქვს ამ სიას, ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა. თუმცა ჩემთვის, ძალიან საინტერესოა, ვის შეიყვანენ სანაკოევის სიაში, ეს ძალიან მრავლისმთქმელი იქნება“.

გელა ზოზიაშვილი, ასევე ცხინვალიდან დევნილი, რომელიც ამჯერად პარლამენტის ტერიტორიული მთალინობის აღდგენის დროებითი კომიტეტში მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას რუსეთის მხრიდან გამიზნული ქმედებები მოჰყვა. „მე, როგორც ვიცი, წლების წინ ბაკურიანში აშენდა ბინები 90–იან წლებში გადევნილი ოსებისთვის. სამწუხაროდ, ბევრი არ დაბრუნდა. იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, შედეგი, მათთვის ბინების მშენებლობამ, ვერ გამოიღო. აქ უფრო სხვა სახის პრობლემები იყო და მათ დაბრუნებას ის უფრო უშლიდა ხელს, ვიდრე უბინაობა.

იქამდე, სანამ ისინი წავიდოდნენ, ჩვენ წამოვედით ცხინვალიდან. მიუხედავად იქ არსებული პირობებისა, დევნილები მზად არიან, სურვილს გამოთქვამენ დაბრუნდნენ და ცხინვალში გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ ეს არ ხდება. რაც შეეხება თავად სიას, ვფიქრობ, საერთო სია უნდა გაკეთდეს და უნდა გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვინც ომის წესების მიღმა მოქმედებდა, იყვნენ სასტიკები და ჩადიოდნენ დანაშაულს. ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი საერთო სიის შედგენით იმისთვის, რომ აღარ დაემატოს ამ ჩამონათვალს ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მსგავსი შემთხვევები.“

რაც შეეხება აფხაზურ, „ხიშბა–სიგუას“ სიას, ის 1992–1993 წლების ომის ვეტერანების გაერთიანება „არუაამ“ შეადგინა და დე–ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს წარუდგინა. მასში შესულია 26 ადამიანი. მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ყურაშვილი, თენგიზ კიტოვანი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და სხვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG