ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირი დააპატიმრეს


ნიქოზი, 2008 წელი
ნიქოზი, 2008 წელი

4 თებერვალს, საღამოს შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა ნიქოზიდან. რუსმა მესაზღვრეებმა ტყვედ ამჯერად სასულიერო პირი აიყვანეს. მამა დავით დურგლიშვილი ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, ამ დროს ყანაში მუშაობდა. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, გამტაცებლები დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოვიდნენ და მღვდელი დააკავეს. მამა დავით დურგლიშვილი ერთ-ერთია იმ ოთხ მოძღვარს შორის, რომელიც ნიქოზის ეკლესიაში მსახურობს. ამერიკის ხმასთან საუბრისას, ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ იგი სამღვდელო შესამოსელს არასდროს იხდიდა, ასევე მუდმივად ატარებდა ჯვარს. სავარაუდოა, რომ იგი ამგვარი შესამოსელით იხილეს რუსმა მესაზღვრეებმაც. ერთმორწმუნე მეზობლებისთვის, ვიზუალური დაკვირვებით, წესით, ცხადი იქნებოდა იმ პირის სტატუსი, ვინსაც აკავებდნენ.

ნიქოზის მიმდებარედ მავთულხლართები მთელ პერიმეტრს არ ფარავს. ქვემო ნიქიზოდან ეგრეთ წოდებული ღობე სასაფლაოდე მიუყვება. აქ მიჯნა წყდება, გარკვეული მანძილის შემდგომ კი კვლავ მავთულხლართი გრძელდება. მიწის ნაკვეთი, რომელსაც მამაო ამუშავებდა, ეკლესიიდან მოშორებით მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაო მათ ქირით იღებდა და ამუშავებდა.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, ნიქოზის ეკლესიის წინამძღვარი მეუფე ისაია ამჟამად ნიქოზში არ იმყოფება. "ამერიკის ხმას" მისი საქმიანობის შესახებ არაერთხელ უსაუბრია. მიტროპოლიტმა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, დე-ფაქტო ადმინისტრაციისგან მიიღო დოკუმენტი, რომლის დახმარებითაც იგი ეგრეთ წოდებულ საზღვარზე გადაადგილებას ახერხებს (დაახლოებით, ერთი წლის წინ მას ამის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ორი წელი და შვიდი თვე ახალგორში და იქვე მდებარე ლარგვისის მონასტერში გაატარა). მეუფე ამჟამად ახალგორისკენაა და გადმოსვლას ვერ ახერხებს დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ „ღორის გრიპის“ საფუძველზე გამოცხადებული კარანტინის მიზეზით ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გამო.

თავად ნიქოზის ეკლესია და იქვე მდებარე, მეთერთმეტე საუკუნის საეპისკოპოსო სასახლე 2008 წლის ომის დროს დაბომბვის ქვეშ მოექცა. დაიწვა და სანახევროდ ჩამოინგრა. ეკლესიის კედლებს ჭურვების ნაკვალევევი დღესაც ეტყობა. 2008 წლის შემდგომ, მიტროპოლიტ ისაიას ხელმძღვანელობით, რომლის თავზეც, პირდაპირი მნიშვნელობით გადაიარა ომმა, ნიქოზში დანგრეული შენობების რესტავრაცია მოხდა და ამავე ადგილას დაარსდა ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, შემოდგომის დასაწყისში ტარდება. გასული წლის სექტემბერშიც ნიქოზს უამრავი უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქე სტუმრობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ფესტივალის გამო, ადამიანთა გატაცების სხვა შემთხვევებს ნიქოზიდან ადგილობრივები ვერ იხსენებენ. ამიტომ მაინცდამაინც ამ ადგილიდან სასულიერო პირის დაკავება, ერთგვარად, შოკისმომგვრელი ფაქტია.

ამ ეტაპზე რთულია იმის მტკიცება, რამდენად შეიძლება იყოს სასულიერო პირის გატაცება კონფლიქტის ზონაში პასუხი ან მესიჯი მთლიანად ქართული ეკლესიის მიმართ, რომელიც სწორედ ამ პერიოდში მსჯელობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის, რუსეთისთვის ამ უმტკივნეულეს საკითხზე.

ორი დღის წინ, სწორედ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის ციტატა გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის მიხედვით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. თუმცა რთულია იმის თქმა, რამდენადაა მამა დავით დურგლიშვილის გატაცება ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზიდან ამ კონკრეტული მუქარის პრაქტიკული შედეგი.

"ამერიკის ხმასთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს ნიქოზიდან სასულიერო პირის გატაცების ფაქტს და გვეუბნება, რომ ის ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული და რომ ამ შემთხვევის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. „ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ფაქტი დაგიდასტუროთ“, - გვეუბნებიან სუს-ის წარმომადგენლები.

გასულ წელს, საფხულის დასაწყიში რუსი მესაზღვრეების მხრიდან სასულიერო პირის გატაცების შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დაფიქსირდა. მამა იოანე ოხანაშვილი, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, იმ დროს დააკავეს, როცა ის ეკლესიის მახლობლად მდებარე ნიშში სანთლის დანთებას ცდილობდა.

XS
SM
MD
LG