სამი დღეა, რაც ცხინვალში პოლიტიკური მღელვარება გრძელდება. დღეს ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათის ტრადიციულ ბროფინგზეც გაკეთდა. დავით ჯალაღანიამ, მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „ჩვენთვის სულერთი არაა მოვლენების ნებისმიერი სახის ესკალაცია, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დაპირისპირების მიზეზი ცხინვალში იმის გარჩევაა, თუ რომელი დაჯგუფება მოახერხებს შემდეგში რუსეთის საოკუპაციო რეჟმისა და დამპყრობლების სამსახურში ჩადგომას“.
30 სექტემბერს ცხინვალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე წევრებს უნდა განეხილათ ჯამბოლათ თადეევის, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მთავარი ტრენერის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების საკითხი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ შეკრებილი თადეევის მომხრეები მზად იყვნენ შენობაში შეჭრისთვის. თუმცა ამ აქტს ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს. ცეესკომ თადეევს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტირირებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას სამხრეთ ოსეთში 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია. 1 ოქტომბერს თადეევმა პრესას შეატყობინა, რომ მისი სახლი ოსტროვსკის ქუჩაზე გარშემორტყმული იყო ეგრეთწოდებული „ომონის“ შეიარაღებული წევრების მიერ. თადეევმა ამ ფაქტის გამო სამხრეთ ოსეთის გერნერალურ პროკურორს დააკისრა პასუხიმსგებლობა და განაცხდა, რომ რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის 5 წევრი იყო დაკავებული. ეს ინფორმაცია გენერალური პროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევმა უარყო. მისი თქმით, სამართალდამცავების მიერ დაკავებული 5 ადამიანი მილიციამ 30 სექტემბერს მომხდარი არეულობის გამო დააკავა, რომელთაგან ორს სასამართლომ ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 15 დღით.
2 ოქტომბერს კი თადეევის ოჯახში პროკურატურის ორი წამომადგენელი მივიდა, რომელთაც მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით თადეევის პროკურატურაში მიყვანა ჰქონდათ დავალებული, რათა იქ მოწმის სტატუსით დაეკითხათ, თუმცა თადეევმა მიწვევის საბუთი დახია. პროკურატურის თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ მას პროკურატურაში ძალით მაინც წაიყვანდნენ. თადეევი საკუთარ მიმართვაში ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხალხს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი და ახლობლების უფლებები, დაიცვას ქვეყანა ნგრევისგან და ეს გააკეთოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ნებისმიერი საშუალებით და მეთოდით, რაც მისთვის ხელმისაწვდომია. მან აღნიშნა ისიც, რომ შიდა მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი შეთანხმების გარეშე, სამხრეთ ოსეთი აღმოჩნდება სისხლიანი დაპირისპირებების ადგილად და იქცევა მეორე ლიბიად. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იგი პრეზიდენტ კოკოითის მოლაპარაკების მაგიდასთან სთავაზობს სიტუაციის გარკვევას. ამ ინფორმაციას სააგენტო „იუგა.რუ“ აქვეყნებს.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ცხინვალში მომხდარი ინციდენტის მიზეზი, სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატების თვითრეკლამაა. „იქიდან გამომდინარე, რომ კოკოითის რეჟიმის პირობებში ოპოზიციას არსებობის შანსი არ გააჩნია, ხელისუფლების სათავეში მოსვლის მსურველებს თავის წარმოსაჩენად ერთადერთი შანსი რჩებათ: ფიზიკური ძალის დემონსტრირება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცხინვალში საკმაო რაოდენობის იარაღია თავმოყრილი, რუსეთს კი იქ შეიარაღებული დაპირისპირება ყველაზე ნაკლებად აწყობს. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი რამდენიჯერმე კოკოითის ფავორიტთან – ბიბილოვთან ერთად გამოჩნდა, მათ ჯერ მაინც არ დაუსვამთ ფსონი ერთ კონკრეტულ კანდიდატზე,“– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ლიდერობისთვის ბრძოლა ცხინვალში სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. საპრეზიდენტო არჩევნები იქ ნოემბერში შედგება.