ვაშინგტონში დაფუძნებულ კარნეგის მშვიდობის ფონდში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მკვლევარების ნაშრომები იყო წარმოდგენილი. შეხვედრის ორგანიზატორები ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზისა და გადაჭრის ინსტიტუტის პროფესორი სუზან ალენ ნანი და ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ტომას დევაალი იყვნენ.
აკადემიურ ნაშრომთა კრებული სახელწოდებით „საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი: მშვიდობის კვლევა“ რვა სტატიისგან შედგება, აქედან ოთხის ავტორი ქართველია და ოთხის კი ოსი. ქართულ მხარეს კარნეგის ფონდში გამართულ შეხვედრაზე მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გეგეშიძე წარმოადგენდა, ხოლო ოსური მხარის წარმომადგენელი ლირა კოზაევა იყო, რომელიც ცხინვალში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "სამხრეთ ოსეთის ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის" დირექტორია.
კოზაევამ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი 2008 წლის შემდეგ ჯერ ისევ კარვებში ცხოვრობს და ძირითადი საარსებო ბირობები არ აქვს, დე ფაქტო რესპუბლიკაში ეკონომიკური წინსვლა შეინიშნება. კონკრეტულად, შენდება სკოლები, მიმდინარეობს საავადმყოფოებისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რესტავრაცია.მისივე თქმით, ოსების მხრიდან ქართველების მიმართ დამოკიდებულება მტრულია. მაშინ, როცა სულ რამდენიმე წლის წინ ხალხის დონეზე კონფლიქტი ფაქტობრივად არ იგრძნობოდა. „2004 წელს, როცა ერგნეთის ბაზარი პირველად გაიხსნა, ქართველები და ოსები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ და ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ თითქოს კონფლიქტი არ არასოდეს ყოფილა მათ შორის,“ აღნიშნა კოზაევამ.
სიტყვით გამოსვლისას მან სინანულით განაცხადა, რომ დაახლოებით იმავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის ისეთი საქართველოს შექმნას აპირებდა, სადაც ოსებს და აფხაზებს თვითონ მოუნდებოდათ უკან დაბრუნება. „სააკაშვილმა თქვა, რომ მას არსად ეჩქარებოდა. მაშინ მე გული სითბოთი ამევსო და გამახსენდა ომამდე როგორ ვსეირნობდი ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად თბილისის ქუჩებში. სააკაშვილს 2-3 წელი რომ მოეცადა, ჩვენს შორის კონფლიქტი აღარ მოხდებოდა.“
შეხვედრის გახსნაზე, ვრცელი პრეზენტაცია არჩილ გეგეშიძემაც გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პოლიტიკურ ელიტას ერთიანი სტრატეგიული მიზანი არ გააჩნია. ზუსტად არავინ იცის როგორ წარმართონ საკუთარი პოლიტიკა, შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში, როგორც ფედერაციის ერთეული, დაამყარონ რაიმე სახის კონფედერაცია რუსეთთან თუ ეცადონ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას.შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ქართველები და ოსები განსხვავებულად აღიქვამენ არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით კი ცოტა ხნის წინ საერთაშორისო საზოგადოებაში დაწყებულ დისკუსიას საქართველოს კონფლიქტური რეგიონების შესახებ და „ჩართულობა აღიარების გარეშე“ პოლიტიკას.
ქართველი და ოსი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიმოხილვისას, გეგეშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთს და სამხრეთ ოსეთს არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნება სურთ, ხოლო საქართველოს კი ეგრეთ წოდებული ჩართულობის გამოყენება კონფლიქტური რეგიონების რეინტეგრაციის მიზნით სურს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი უთანხმოებაა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებითაც - ოსები ამ შეთანხმების ხელმოწერას ითხოვენ, ხოლო ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მსგავს თემაზე თუნდაც მოლაპარაკების წარმოება მარიონეტული რეჟიმის ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციის შემდეგ კვლევის შეეგები პროფესორმა ალენ ნანმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავარ მრავალი დაპირისპირებული მოსაზრებისა, ქართველი და ოსი მკვლევარები იმაზე თანხმდებიან, რომ არც საქართველოს მთავრობა და არც სამხრეთ ოსეთის ლიდერები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო კომრომისების შემუშავებას. გარდა ამისა, ორივე მხარე აღიარებს, რომ პოლიტიკურ დონეზე უმნიშვნელო პროგრესსაც კი წინ უნდა უძღოდეს სახალხო დიპლომატიის კოორდინირებული ძალისხმევა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის ხმასთან საუბრისას გაკეთებულ კომენტარებს ჩვენ ხვალინდელ რადიო ეთერში შემოგთავაზებთ.