ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავა სიმინდზე


დავა სიმინდზე
დავა სიმინდზე

ამერიკული სათესლე მასალა საქართველოში ხელისუფლების ინიციატივით მოხვდა. რეგიონებში კი ჰიბრიდული სიმინდის თესლი ადგილობრივი გამგეობების მეშვეობით დარიგდა.

ჰიბრიდული სიმინდის საკითხი დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა. აგრალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსნის საკითხი დააყენეს იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიერ პროპაგანდირებულმა პროგრამამ, მათი თქმით, კრახი განიცადა. საქართველოს პარლამენტში დღეს სიმინდის ტაროებით არაერთი დეპუტატი გამოცხადდა, დასაგემოვნებლად მჭადიც მიიტანეს, რომელიც, როგორც ამტკიცებდნენ, ჰიბრიდული სიმინდის ფქვილისგან იყო მომზადებული.

სიმინდის საკითხი ასე ფართო მსჯელობის საგანი პირველ რიგში, იმის გამო გახდა, რომ ამერიკული სათესლე მასალა საქართველოში ხელისუფლების ინიციატივით მოხვდა. რეგიონებში კი ჰიბრიდული სიმინდის თესლი ადგილობრივი გამგეობების მეშვეობით დარიგდა. „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის“ ვებ-გვერდზე, ვკითხულობთ: „სიმინდის წარმოებას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს კეთილდღეობაზე. სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ მიიღოთ მაღალხარისხიანი, არაგენეტიკურად მოდიფიცირებული, ჰიბრიდული ტიპის სათესლე მასალა შვიდ თვიანი განვადებით. ჩატარებული ტენდერის შედეგად დადგინდა, რომ პროექტის ფარგლებში მოწოდებული იქნება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, „პიონერის“ სათესლე მასალა.“ სწორედ ამ ვებგვერდის დათვალიერებისკენ მიუთითებდა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოპონენტებს.

რამდენიმე თვის წინ შიდა ქართლში ჩასახლებული დევნილებისთვის სიმინდის სათესლე მასალის დათესვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა პირადად მიიღო მონაწილეობა. კობა სუბელიანმა მაშინ განაცხადა, რომ ეს დევნილებს დამატებით შემოსავლის წყაროს გაუჩენდა.

დევნილები დღეს სიმინდის მოსავლით უკმაყოფილოები არიან, რადგან ნიადაგზე, რომლის მორწყვაც პრობლემას წარმოადგენდა, სიმინდის მოსავალი ვერ მოვიდა. გორის ადგილობრიმა ტელეკომპანიამ ამ თემას დრო არაერთხელ დაუთმო.

ჰიბრიდული სიმინდის შესახებ მასალები არა მხოლოდ შიდა ქართლის, არამედ, იმერეთის, სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის მედია საშუალებებშიც ინტენსიურად ხვდება. ქუთაისში გამომავალი „ახალი გაზეთის“ჟურნალისტმა სოფო ყანჩაველმა ამ თემის შესწავლისთვის იმერეთის სოფლებში იმოგზაურა.

„სიმინდის თესლს ადგილობრივი გამგეობები არიგებდნენ და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ მისი დათესვით დიდ შემოსავალს მიიღებდნენ. დღეს ბევრ ფერმერს მოსავლის მიუღებლობის გამო ვალი დაედო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესის დაცვით იმოქმედეს. რამდენადაც ვიცი, ახლა ამ ვალის გადავადებაზე მსჯელობენ. იმერეთში ჰიბრიდული სიმინდის თესლმა არ გაამართლა, ამბობენ, სამეგრელოში უკეთესი მოსავალი იყოო, თუმცა ამის შესახებ მე ვერაფერს გეტყვით,“– ამბობს სოფო ყანჩაველი.

სამცხე–ჯავახეთში გამომავალი გაზეთის „სამხრეთის კარიბჭის“ჟურნალისტი მანანა სარაშვილიც არაერთ სოფელს ეწვია პოპაგანდირებული ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის შესახებ ინფორმაცია რომ მიეღო. „მოსახლეობა, ვინც ჰიბრიდული სიმინდი დათესა, უმეტესწილად,უკმაყოფილოა. ნაწილმა წელს თავი შეიკავა და ისევ კარტოფილი მოიყვანა,“– ამბობს მანანა სარაშვილი.

„ნაკვეთი სამჯერ გავთოხნე, გვარჯილაც შევიტანე, მიწა კულტივატორით გავაფხვიერე. ნაკვეთი ძალიან კარგად დავამუშავე, მაგრამ სულ ტყუილად. მიწაც ტყუილად მოვაცდინე და ფულიც დავკარგე. მოსავალი არ მომივიდა. ქართული სიმინდი რომ დამეთესა, უკეთესი მოსავალი მექნებოდა. ქვეყნის დასაცინი გავხდი,“ – ამბობს ჯუმბერ ფრიდონაშვილი, რომელიც სულიკაანთ კარში, დუშეთში ცხოვრობს. მასალა სიმინდის თემაზე იქ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდის პროექტი საქართველოში წარმატებული აღმოჩნდა და წელს საქართველოდან 100 000 ტონა სიმინდის ექსპორტირება იგეგმება.

XS
SM
MD
LG