ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ეძებს

საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელ კანდიდატთა ლიდერი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას იწყებს. ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანის ნომინირება სურს. საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით, უძრავი ქონების მაგნატი სპეციალურ კომიტეტს ქმნის. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის ყოფილი მეტოქის, ჯონ კეისიქის სიაში ჩასმას, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ოჰაიოს გუბერნატორის კანდიდატურას მხედველობაში მიიღებს.

პრაიმერებზე გამარჯვების მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკელთა სავარაუდო ნომინანტი პარტიის გაერთიანებას ამ ეტაპზე მაინც ვერ ახერხებს. პოლიტიკურ ისთაბლიშმენთში დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი არათუ მის მხარდაჭერაზე, არამედ გადამწყვეტ კონვენციაში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობს. 2008 წლის არჩევნებზე ორივე ექსპრეზიდენტი, მამა-შვილი ბუშები სენატორ ჯონ მაკკეინს უჭერდნენ მხარს, შემდეგ კი 2012 წელს - რესპუბლიკელთა ნომინანტ მიტ რომნის.