იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესის ფონზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა გადაჭრა. დღეს, მექსიკასთან და კანადასთან პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო შეთანხმება, სენატში კენჭისყრით დამტკიცდა. ახალმა ხელშეკრულებამ ჩაანაცვლა "ნაფტას" სახელით ცნობილი შეთანხმება, რომლის გაუქმებაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო.
კენჭისყრამ სენატს საშუალება მისცა საიმპიჩმენტო გარჩევის წინ, რომელიც სულ ცოტა, რამდენიმე კვირა გასტანს, სავაჭრო შეთანხმების საკითხი დაესრულებინა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა ცოტა ხნით ადრე მიანიშნა კიდეც, რომ სავაჭრო შეთანხმების საკითხზე კენჭისყრა, შესაძლოა იმპიჩმენტის დაწყებამდე მომხდარიყო.
კანადასთან და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების მიღებამდე ერთი დღით ადრე კი, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების პირველ ფაზას მოაწერა ხელი.
ოთხშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ხანგრძლივ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ ხელი მოაწერეს საწყის შეთანხმებას, რომელმაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, ბოლო 18 თვის განმავლობაში გამწვავებული სავაჭრო დავა უნდა განმუხტოს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება უდიდესია, რომელიც ოდესმე უნახავთ“. მან ასევე თქვა, რომ ის „მთელ მსოფლიოში მყარი მშვიდობის“ გზამკვლევი იქნება.
დეკემბრის შუა რიცხვებში შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ ე.წ. „პირველი ფაზის შეთანხმებაზე“. ის ჩინეთს მოუწოდებს გაზარდოს ამერიკული საქონლის შესყიდვა, შეწყვიტოს პრაქტიკა, რომლითაც უცხოურ კომპანიებს ტექნოლოგიის გადაცემას აიძულებენ და არ მოახდინოს საკუთარი ვალუტის მანიპულაციები იმ მიზნით, რომ მათი ექსპორტი გაიაფდეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, დისკუსიის მეორე ფაზა მალე დაიწყება. მესამე ფაზა კი არ იგეგმება.