ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ და მექსიკამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ ახალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. კანადა, რომელიც ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მესამე მხარე იყო, ახალი შეთანხმების მიღმა დარჩა. ახალი გარიგების სახელი "ამერიკა-მექსიკის სავაჭრო შეთანხმება" იქნება.

"ჩვენ უარი ვთქვით სახელ "ნაფტაზე", რადგან მას უარყოფითი დატვირთვა ჰქონდა, შეერთებულ შტატებს "ნაფტა" ბევრი წლის განმავლობაში ძლიერ აზარალებდა", თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს, ოვალურ ოფისში მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ ეს ძალიან დიდი დღეა ამერიკისთვის.

მექსიკის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ იმედოვნებს, რომ "ნაფტას" განახლება და მოდერნიზება მოხდება. თუმცა პრეზიდენტი ტრამპის განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სამ ქვეყანას შორის 24 წლის განმავლობაში მოქმედი შეთანხმება, მკვდარია. ტრამპის თქმით, მექსიკა თანახმაა დაუყოვნებლივ დაიწყოს ამერიკისგან, რაც შეიძლება ბევრი, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შეძენა.

ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა "ნაფტას" და ამბობდა, რომ სწორედ ამ შეთანხმების გამო ამერიკაში საწარმოები დაიხურა და სამუშაო ადგილები განადგურდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა კანადასთან დიალოგისთვის ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება პატიოსანი მოლაპარაკებისთვის. ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ტელეფონით ისაუბრეს და ორივე ლიდერის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ამერიკა და კანადა განაგრძობენ მოლაპარაკების პროცესს. თუმცა მექსიკასთან ორმხრივი შეთანხმების შემდეგ, დონალდ ტრამპი კანადას ჯარიმებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ტრუდოს მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.

კანადური მხარე კი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ პირობებს დათანხმდებიან, რაც კანადისთვის და მისი საშუალო კლასის მოქალაქეებისთვის იქნება ხელსაყრელი. კანადაელები ადასტურებენ "ნაფტას" გასაახლებლად მუშაობისთვის მზადყოფნას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG