შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს "ვაშინგტონ პოსტის" მოკლული ჟურნალისტის, დისიდენტ ჯამალ ხაშოგის საქმის გადახედვას გეგმავს. ანგარიში დონალდ ტრამპს თავისივე ადმინისტრაციის წევრებმა მოუმზადეს.
მედიის რამდენიმე წყარო ავრცელებს ცნობას, რომელშიც ისინი ამერიკული დაზვერვის ოფიციალურ პირთა ინფორმაციას ეყრდნობიან. ისინი აცხადებენ, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დასკვნით, ჟურნალისტის მოკვლის განკარგულება საუდის არაბეთის უფლისწულმა მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა.
შაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნები ჯერ გამოტანილი არ არის. პრეზიდენტი ტრამპიც წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას და ბრალდებებს "უმწიფარს" უწოდებს.
თავად საუდის არაბეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს. გასულ კვირას საუდის არაბეთის პროკურორმა განაცხადა, რომ უფლისწულს ხაშოგის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის. ხაშოგის მკვლელობის გამოძიების შემდეგ, საუდის არაბეთში ბრალი 11 ადამიანს აქვს წაყენებული და პროკურორი აქედან 5 დამნაშავის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
საუდის არაბეთის უფლისწულის კრიტიკოსი, ამერიკაში დევნილობაში მცხოვრები ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არებეთის საელჩოს შენობაში მოკლეს. მისი გვამი ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის.