ტრამპი ამომრჩევლებთან შეხვედრას აგრძელებს

ამერიკაში, წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. დემოკრატები ვირტუალურად შეიკრიბნენ, რათა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენი დაესახელებინათ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აგრძელებს შეხვედრებს ამომრჩევლებთან და ცდილობს ქალი ამომრჩევლების ხმები მიიღოს.

არიზონაში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტატში, პრეზიდენტი ამომრჩევლებს შეხვდა და ბაიდენის გამარჯვება აპოკალიფსად წარმოადგინა. ის დაჟინებით ამბობდა, რომ "ჩვენი [ამერიკელი] ერის გადარჩენის ფსონი" ნოემბერში დაიდება.

ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

"ბაიდენის გეგმა ყველაზე რადიკალური, უკიდურესი, წინდაუხედავი, საშიში და მომაკვდინებელი საიმიგრაციო გეგმაა, რომელიც მთავარი პარტიის კანდიდატს ოდესმე წარმოუდგენია", თქვა პრეზიდენტმა. "ის უნდა დამარცხდეს და ის დამარცხდება 3 ნოემბერს".

დონალდ ტრამპმა ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკა. სწორედ იმიგრაციის საკითხია ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენმა პარტიის ნომინაცია ოფიციალურად მოიგო

ბოლო კვირების განმავლობაში, ტრამპი ცდილობდა, რომ ქალი ამომრჩევლების ხმები მოეზიდა. მისი კამპანია, ახლა სწორედ ელექტორატის ამ ნაწილზეა მორგებული. პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ კი "ქალები ტრამპის მხარეს" ლოზუნგით ავტობუსის ტური მოაწყო.

თავის საიმიგრაციო პოლიტიკაზე ტრამპმა იუმაშიც ისაუბრა, სადაც ამომრჩევლებსაც შეხვდა და მექსიკასთან კედლის მშენებლობის შესახებაც მიიღო ბოლო ინფორმაცია.