ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზოგიერთმა ცნობილმა რესპუბლიკელმა მხარი ბაიდენს დაუჭირა


ოჰაიოს შტატის ყოფილმა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ჯონ კეისიჩმა, ორშაბათს პარტიულ პოზიციას ზურგი აქცია და დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე, დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტის, ჯო ბაიდენის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.

კეისიჩი 2016 წელს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის დროს, დონალდ ტრამპის ყველაზე რთული მეტოქე იყო და ნომინაციისთვის რბოლას ყველაზე გვიან გამოეთიშა. კეისიჩი, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილი რესპუბლიკელია, რომელიც ტრამპის ხელახლა არჩევას ეწინააღმდეგება და მხარს ბაიდენს უჭერს.

ბაიდენის კამპანია მის გამოსვლას მიესალმა. კონსერვატიულად განწყობილმა რესპუბლიკელებმა კი მისი გამოსვლა გააკრიტიკეს, როგორც პირადი ინტერესებით ნაკარნახევი და მოღალატეობრივი ნაბიჯი. უკმაყოფილება რამდენიმე პროგრესულმა დემოკრატმაც კი გამოთქვა. მათ ჩათვალეს, რომ პირველ ყრილობაზე კეისიჩი ყურადღების ცენტრში დაუმსახურებლად აღმოჩნდა.

ტრამპის პოლიტიკას: “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, კეისიჩი ხშირად აკრიტიკებდა. განსაკუთრებით, ვაჭრობაში პროტექციონისტულ პრაქტიკას და მკაცრ საიმიგრაციო რეგულაციებს.

კეისიჩმა ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. თუმცა საბოლოოდ, 5 თებერვალს, სენატის სასამართლო გარჩევაზე, ტრამპი გამართლდა.

დემოკრატების ყრილობის გახსნაზე, კეისიჩი სხვა უკმაყოფილო რესპუბლიკელებთან -ნიუ-იორკის ყოფილ კონგრესმენ სუზან მოლინარისთან, ნიუ-ჯერსის ყოფილ გუბერნატორ ქრისტინ ტოდ ვაითმენთან და “ქუიბი”-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორ მეგ ვაითმენთან ერთად მივიდა, რათა ბაიდენისადმი მხარდაჭერა გამოეხატა და სხვა რესპუბლიკელების დარწმუნებაც ეცადა, რათა დემოკრატების მხარეს გადასულიყვნენ და მხარი მათი კანდიდატისთვის დაეჭირათ.

რესპუბლიკელმა კონსულტანტმა ბარი ბენეტმა, რომელიც ოჰაის წარმომადგენელ ბევრ რესპუბლიკელთან მუშაობდა, კეისიჩი დაახასიათა როგორც: “უმუშევარი პოლიტიკოსი, რომელიც სასოწარკვეთით ეძებს აუდიტორიას”.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის გამოჩენილი ლიდერების მეტოქე პარტიის ყრილობაზე გამოსვლა იშვიათობაა, ეს უმაგალითო მოვლენა არ არის.

2004 წელს, მაშინ ჯორჯიის შტატის დემოკრატმა სენატორმა ზელ მილერმა, რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხელმეორედ არჩევას დაუჭირა მხარი.

კონექტიკუტის შტატის სენატორმ ჯო ლიბერმანი, რომელიც 2000 წელს დემოკრატების მხრიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, რვა წლის შემდეგ, რესპუბლიკელების ყრილობაზე, სენატორ მაკკეინის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.

2016 წელს, ქალაქ ნიუ-იორკის რესპუბლიკელმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, დემოკრატების ყრილობაზე მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG