ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და ჰარისი კამპანიას იწყებენ - პირველი ერთობლივი გამოჩენა საზოგადოებაში


ჯო ბაიდენი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის ახლადდასახელებული კანდიდატი, კამალა ჰარისი ოთხშაბათს საზოგადოების წინაშე ერთად წარდგნენ. კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის და საკუთარი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჰარისმა და ბაიდენმა აღნიშნეს, რომ ეს ისტორიულად კრიტიკული მომენტია, როდესაც აუცილებელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი პარტიის საპრეზიდენტო ბიულეტენზე პირველი აფროამერიკული და აზიურ-ამერიკული წარმოშობის ქალის გვარის გამოჩენა.

"დღეს ის იკავებს ადგილს ამერიკაში თანასწორობისა და სამართლიანობისკენ მსვლელობის ისტორიაში, როგორც ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იმსახურა პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გვერდით და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად პირველი შავკანიანი ქალი აირჩია", - განაცხადა კალიფორნიის სენატორმა, კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენზე საუბრისას.

დემოკრატიული პარტიის წევრთა გამოკითხვების თანახმად, ბაიდენის არჩევანს ყოველი ათიდან - 9 იწონებს. მონაცემები ოთხშაბათს "როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი გამოკითხვის შემდეგ გამოქვეყნდა.

კორონავირუსის პანდემიამ კანდიდატების ეს გამოსვლა ტრადიციულისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეცვალა, თუმცა საუბრისას ცხადი იყო მათი პირადი კავშირიც. კამალა ჰარისი ბაიდენის შვილთან, ბოსთანაც მეგობრობდა, რომელიც 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

ჰარისმა აღნიშნა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში აღტაცებული იყო ბაიდენის ერთგულებით მისი ოჯახისა და ქვეყნის მიმართ. ის ამბობს, რომ ბაიდენი მზადაა, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის და მისი ეკონომიკური შედეგების კუთხით თავს ვერ ართმევს.

"ეს არის მომენტი, რომელსაც ამერიკისთვის რეალური შედეგები ექნება. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ჩვენი ეკონომიკა, ჯანმრთელობა, ჩვენი შვილები და ქვეყანა, როგორშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ, ახლა რისკის ქვეშაა. ამერიკას სჭირდება ლიდერობა, ახლა კი გვყავს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავზე უფრო ღელავს, ვიდრე ხალხზე, რომელმაც აირჩია, პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს თითოეულ გამოწვევას უფრო რთულს ხდის", - თქვა ჰარისმა.

დელავერის შტატის საჯარო სკოლაში წარმოთქმულ სიტყვას მოქალაქეები ადგილზე ვერ ისმენდნენ. კანდიდატებს თავდაპირველად ნიღბები ეკეთათ, შემდეგ კი სცენაზე დისტანციას ინარჩუნებდნენ. ჰარისის დასახელებიდან და ამ ღონისძიებიდან სულ რამდენიმე დღეში, ისინი პარტიისგან ოფიციალურ ნომინაციებს მიიღებენ. პარტიის კონვენცია წელს ისტორიაში პირველად, ვირუსული პანდემიის გამო, ვირტუალურად, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაიმართება.

რესპუბლიკელთა კონვენცია კი 1 კვირის შემდეგ შედგება და ამით 10-კვირიანი წინასაარჩევნო მარათონი ოფიციალურად დაიწყება. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG