ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს საფოსტო სერვისის დაჩქარება სურს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ამერიკის საფოსტო სისტემის "დაჩქარება" სურს. დემოკრატები კი ამ კვირაში აპირებენ იმ ცვლილებებს უყარონ კენჭი, რომელთა შედეგადაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისას ფოსტით ბიულეტენების გაგზავნის პროცესი არ შეფერხდება.

"მე ყველას მოვუწოდე, რომ დააჩქარონ საფოსტო მომსახურება და არა - პირიქით", - უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის გარეთ შეკრებილ ჟურნალისტებს, სანამ კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შესახვედრად მინესოტასა და ვისკონსინში გაემგზავრებოდა.


ტრამპმა გასულ კვირას თქვა, რომ ის ეწინააღმდეგება ამერიკის საფოსტო სააგენტოსთვის 28 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმისთვის, რომ სააგენტო ნოემბერში მილიონობით ამერიკელის გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენის ორგანიზებას და ადგილზე მიტანას გაუმკლავდეს. ფოსტის მეშვეობით ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება ეძლევა, რადგან ბევრი მოქალაქე კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას არ აპირებს.

თვეების განმავლობაში, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ფოსტის მეშვეობით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დიდი ნაწილი არ იქნებოდა სანდო და მის წინააღმდეგ მონაცემების გაყალბებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ტრამპს ამ ვარაუდის კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საფოსტო სააგენტოს მუშაობის გაუმჯობესებას გეგმავს, რადგან ის აქამდე ცუდად იმართებოდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კი კვირას დემოკრატიული უმრავლესობის მქონე პალატას საზაფხულო შვებულების შეწყვეტისკენ და საფოსტო სააგენტოს დაფინანსების თაობაზე ხმის მისაცემად ვაშინგტონში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს იყოს შესაძლებელი. ​

XS
SM
MD
LG