დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ტერორისტული დაჯგუფების მეთაური აშშ-ის მიერ, ალ-ბაღდადის წინააღდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა.
პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრს სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ "შეერთებულმა შტატებმა აღასრულა სამართლიანობა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის მიმართ".
ამერიკულ მხარეს ოპერაციაში მსხვერპლი არ ჰყოლია. პრეზიდენტის თქმით, იერიშის დროს, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი გვირაბში იმალებოდა და გაქცევას ცდილობდა. "გზად ის მოთქვამდა, ტიროდა და ყვიროდა" - თქვა პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ალ-ბაღდადიმ თავი ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა და მასთან ერთად საკუთარი სამი შვილიც მოკლა. "ის არ დაღუპულა, როგორ გმირი, ის მოკვდა როგორც ლაჩარი. მან თავისი ცხოვრების ბოლო მომენტები პანიკასა და შიშში გაატარა", - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა სპეცოპერაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთს, თურქეთს, სირიას, ერაყელ და სირიელ ქურთებს. "ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის დაზვერვის სამსახურს და თითოეულ ჯარისკაცს... სამყარო ახლა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“ - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაიბადა. ბაღდადიმ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფატი 2014 წელს დააფუძნა და საკუთარი თავი ხალიფად, მის ხელმძღვანელად გამოაცხადა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ მალევე მოიპოვა კონტროლი სირიას და ერაყის დიდ ნაწილზე. ერთ-ერთ ეტაპზე, ის ერაყის 40 პროცენტს აკონტროლებდა.
2017 წლის ივნისში, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსული გათავისუფლებულად, ხოლო ამავე წლის დეკემბერში დაჯგუფება ერაყში დამარცხებულად გამოაცხადა. 2019 წლის მარტში კი შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ სირიაში ისლამური სახელწიფოს მიერ დაკავებული უკასკნელი წერტილი, ბაღუზი გათავისუფლებულია.
ბოლო წლებში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი მოკლულია. თუმცა, მისი ბოლო აუდიო მიმართვა სექტემბერში გამოქვეყნდა, სადაც ის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ომით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ ბრძოლა არ დასრულებულა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინფორმაცია ოფიციალურად, შეერთებული შტატების ლიდერმა დაადასტურა.
2016 წლიდან, ამერიკის შეერთეული შტატები ალ-ბაღდადიზე ინფორმაციის მიმწოდებელს, 25-მილიონიან ჯილდოს პირდებოდა. მსგავსი საფასურის ჯილდო, ვაშინგტონს კიდევ ერთ პირზე აქვს დაწესებული. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი.