ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა იცვლება


რუსი ოფიციალური პირების თქმით, ისინი მოელიან, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მისიას მალე დაასრულებს. ისინი აცხადებენ, რომ ქურთებმა თვითმმართველი სახელმწიფოს შექმნის იდეა ამ ეტაპზე თაროზე შემოდეს და რომ ისინი სირიის სახელისუფლებო ჯარებს შეურთდებიან, საზღვრის ერთობლივი პატრულირების საქმეში.

დამასკოსა და ქურთებს შორის ამ შეთანხმებაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სირიას დატოვებდა.

ქურთული შენაერთების წინააღმდეგ, მის საზღვართან, თურქეთმა ოპერაცია „მშვიდობის გაზაფხული“ გასულ კვირას დაიწყო. ანკარა აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთი „ტერორისტების“ განადგურებაა. ანკარა ქურთულ შენაერთებს სირიაში, თურქეთში ქურთი აჯანყებულების, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირედ და ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა თურქეთის სირიაში შეჭრას. თუმცა, მოსკოვმა ანკარას წითელი ხაზები გაუვლო და თურქეთი გააფრთხილა, რომ ანკარის ოპერაცია არ უნდა გადაიქცეს სირიის ტერიტორიის სამუდამო ოკუპაციად. თურქული შენაერთები ამ დროისთვის სირიაში, საზღვრიდან დაახლოებით 35 კილომეტრზე იმყოფება.

მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან ითხოვს, რომ ის სირიის მომავალთან დაკავშირებით, რუსეთის გეგმას დათანხმდეს. გეგმის მიხედვით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა, კონტროლი მთელ სირიაზე უნდა მოიპოვოს.

სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ მანბიჯში არიან და მალე ქალაქ ქობანის მიაღწევენ, სადაც ქურთული შენაერთები შეერთებულ შტატებთან ერთად იბრძოდნენ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელწიფოს“ წინააღმდეგ. ქობანი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 და 2015 წლებში ალყაში მოაქცია, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაქცევა და თურქეთში გადასვლა გამოიწვია. ქურთების და აშშ-ის მიერ ქალაქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობა ქობანიში დაბრუნდა.

ადგილზე პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან ერთად, ქურთულმა მხარემ ოფიციალური განაცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ "სირიის დემოკრატიული ძალები" დამასკოსთან და მოსკოვთან ითანამშრომლებენ. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ტერიტორიიდან უკანასკნელ 50 ამერიკელ სამხედროსაც გაიყვანდა. ამ ნაბიჯმა თურქეთს მისცა შესაძლებლობა, იქ სამხედრო ოპერაცია დაეწყო.

კვირას, თურქეთის საჰაერო თავდასხმამ, რომლის ქვეშაც მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა მოჰყვა, 11 ადამიანის სიკვდილი და 70-ის დაჭრა გამოიწვია. ამის შემდეგ „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი სირიის სამთავრობო ძალებთან ითანამშრომლებდნენ, რათა თურქეთის მიერ დაკავებული ტერიტორია დაიბრუნონ და დამასკომ საზღვრის კონტროლი აღადგინოს.

სირიის ქურთულმა შენაერთებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთზე კონტროლი 2011 წლიდან, სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოიპოვეს. მათ ადგილობრივი მთავრობა ჩამოაყალიბეს, თუმცა თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ავტონომიის ჩამოყალიბება იყო და არა დამოუკიდებლობის მოპოვება. „სირიის დემოკრატიული ძალები“ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაუპირისპირდნენ ბაშარ ალ-ასადის შენაერთებს და ზოგჯერ საერთო მტრის წინააღმდეგაც კი ერთობლივად იბრძოდნენ, როცა ეს ორივე მხარის ინტერესებში იყო.

თუმცა, ქურთი მეომრების მიერ მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ გაწბილებული დატოვა როგორც ასადის ოპოზიცია, ასევე ერაყელი ქურთები. ეს უკანასკნელი სირიელ ქურთებს, ასადის დაკრულზე ცეკვაში სდებენ ბრალს. სირიელი ქურთები კი აცხადებენ, რომ ასადისა და ოპოზიციის დაპირისპირება მათი ომი არ არის და რომ ის უფრო დიდი კონფლიქტის ნაწილია არაბ სუნიტებსა და შიიტებს შორის. ქურთული მხარე ამბობს, რომ ეს კომპრომისი მათთვის მტკივნეულია, მაგრამ ის მშვიდობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

ქურთული მხარის მიერ ამ გადაწვეტილების მიღების შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება ის, თუ რამდენად შორს წავა ახლა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. რამდენად დაუპირისპირდება თურქეთის პრეზიდენტი სირიის სახელისუფლებლო ძალებს და დაასრულებს თუ არა სამხედრო ოპერაციას...

ჯოშუა ლანდისი, ოკლაჰომის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტიდან, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი ახლა რთულია. მისი თქმით, „ერდოღანი ფიქრობს, რომ თურქეთს აქვს განსაკუთრებული მისია როგორც დიდი იმპერიის მემკვიდრეს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG