შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ხმას მისი დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვებას მისცემს. მადლიერების დღეზე გაკეთებული ტრამპის ეს განცხადება ყველაზე ახლოს იყო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი დამარცხების აღიარებასთან, თუმცა ფორმალურად მას ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს.
როცა ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, დატოვებდა თუ არა ის თეთრ სახლს, თუ საარჩევნო კოლეგია ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას მოახდენდა, ტრამპმა თქვა: "რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევი. რა თქმა უნდა, ასე ვიზამ და თქვენ ეს იცით". მაგრამ, იქვე დაამატა: "თუმცა, ბევრი რამ მოხდება აქედან 20 იანვრამდე. ბევრი რამ... მასობრივი გაყალბებაა აღმოჩენილი. ჩვენ განვითარებად ქვეყანასავით ვართ".
ასევე ნახეთ: ბაიდენი: ამერიკა მზადაა მსოფლიოს გასაძღოლად და არა მის დასატოვებლად2021 წლის 20 იანვარი ის დღეა, როცა საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ, თეთრ სახლს ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი დაიკავებს. პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხოდ დატოვა კითხვა იმის თაობაზე, დაესწრება თუ არა ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას.
არჩევნებზე ჯო ბაიდენმა, შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ელექტორის ხმა. კოლეგია შედეგების სერტიფიცირებას ფორმალურად 14 დეკემბერს მოახდენს. ბაიდენი ტრამპს უგებს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობითაც, დაახლოებით 6 მილიონის უპირატესობით.
ასევე ნახეთ: უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები რესპუბლიკურ პარტიას მოქმედებისკენ მოუწოდებენტრამპის კამპანიამ არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა შტატის სასამართლოებში 30-ზე მეტი საჩივარი შეიტანა. საჩივრების უმეტეს ნაწილს, არც რესპუბლიკური მმართველობის ქვეშ მყოფ და არც დემოკრატიულ შტატებში, არასაკმარის მტკიცებულებათა გამო, მსვლელობაც კი არ მიეცა. ადვოკატთა ჯგუფს, რომელსაც ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი მეთაურობს, ჯერჯერობით ერთი პროცესიც არ მოუგია. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი, საქმე ხმების იმდენად მცირე რაოდენობას ეხება, რომ სპეციალისტების თქმით, არჩევნების შედეგებს ეს ვერ შეცვლის.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს დაუსაბუთებელი განცხადებების სისტემატურად კეთებას, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. მსგავსი რამ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" 26 ნოემბერსაც დაწერა: "არ არსებობს ბაიდენს 80 მილიონი ხმა მიეღო!!! ეს 100%-ით გაყალბებული არჩევნებია". პრეზიდენტის განცხადებას "ტვიტერისგან" კვლავ გაფრთხილება აქვს დართული: "ეს განცხადება არჩევნების გაყალბებაზე საკამათოა".