ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა მაიკლ ფლინი. ტრამპის ადმინისტრაციის ადრეულ ეტაპზე, ის იყო მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით პრეზიდენტმა წერტილი დაუსვა კრიმინალურ პროცესს, რომელსაც უსამართლოს უწოდებდა, იმავდროულად კი დემოკრატებისგან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ოთხშაბათს, პრეზიდენტმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ გენერალ მაიკლ ფლინს სრული შეწყალება ებოძა. გენერალო ფლინ, დიდებული ცხოვრება გქონოდეთ!”

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ შეწყალების ფაქტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ფლინს პასუხი უნდა ეგო, როგორც თვითონ უწოდა: “ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული და საშიში დარღვევისთვის”. მან განაცხადა, რომ ახალი კონგრესისთვის პრიორიტეტი იქნება მიიღოს კანონი დასახელებით “დემოკრატები იცავენ ჩვენს დემოკრატიას”, რომელიც ნებისმიერ პრეზიდენტს შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების ნებას არ მისცემს.

ფლინისთვის ბრალის წაყენება რობერტ მიულერის გამოძიების ნაწილი იყო. მან ორჯერ ცნო თავი დამნაშავედ იმაში, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიებას ტყუილი უთხრა, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან საუბრის შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.

მაისში, გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა თქვა, რომ ფლინის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო. იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, კისლიაკთან საუბრის შესახებ ფლინის გამოკითხვის საფუძველი არ ჰქონდა.

მიულერის გამოძიებამ ტრამპის სხვა პარტნიორების მსჯავრდებაც გამოიწვია, მათ შორის არიან პოლ მანაფორტი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისი კამპანიის მენეჯერი იყო და პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG