ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მრჩეველი მაიკლ ფლინი გადადგა


მაიკლ ფლინი თეთრ სახლში. 13 თებერვალი, 2017 წ.
მაიკლ ფლინი თეთრ სახლში. 13 თებერვალი, 2017 წ.

13 თებერვალს, გვიან საღამოს, მაიკლ ფლინმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას გადამდგარი გენერალი კით კელოგი შეასრულებს.

ფლინის მოულოდნელ გადადგომას შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან კონტაქტის გახმაურებას უკავშირებენ, რომლის შესახებაც მან ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს არასწორად აუწყა. თავიდან ფლინმა თქვა, რომ გარდამავალ პერიოდში რუსეთის ელჩთან მოსკოვზე დაწესებული სანქციების საკითხი არ განუხილავს. როგორც ირკვევა, მის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიამდე, რუსეთთან კონტაქტი უარყო.

მოგვიანებით, ფლინმა თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ არ ახსოვს და შესაძლოა რუსეთის ელჩთან სანქციებზე საუბარი ჩამოვარდნილიყო. გადადგომის შესახებ განცხადებაში ფლინი ამბობს, რომ მოვლენების სწრაფად განვითარების პირობებში, ვიცე-პრეზიდენტს რუსეთთან კონტაქტის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

ანონიმური წყაროები იუწყებიან, რომ ამ საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციას იუსტიციის დეპარტამენტმა შეატყობინა და გააფრთხილა, რომ ფლინი შესაძლოა, კომპრომეტირებულ პოზიციაში იმყოფებოდეს. იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილების შესახებ ცნობა პირველად "ვაშინგტონ პოსტმა" გაავრცელა.

XS
SM
MD
LG