ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები


დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სულ ცოტა 17 საპრეზიდენტო განკარგულება გამოსცა, რომელთა შორის იყო საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა, სამთავრობო რეგულაციების შეზღუდვა და ბევრი სხვა. ერთ-ერთი ყველაზე სადავო კი მისი საემიგრაციო პროცედურების გამკაცრების განკარგულება გახდა.

„ჩვენ უნდა გვემოქმედა და გადავწყვიტეთ ნაბიჯი გადაგვედგა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა განკარგულებასთან დაკავშირებით.

ტრამპის მიერ შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან ადამიანების ამერიკაში შემოსვლის დროებით აკრძალვას კრიტიკის ტალღა მოჰყვა, როგორც ამერიკაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ამერიკის რამდენიმე აეროპორტში საპროტესტო დემონსტრაციაც კი გაიმართა.

დემოკრატებმა განკარგულება მყისიერად გააკრიტიკეს. სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა:

„ეს განკარგულება ისე განხორციელდა, რომ მან ქაოსი და დაბნეულობა შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის მხოლოდ წაახალისებს ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთვის ზიანის მოყენება სურთ.“

ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო განკარგულებების მიზანი საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობების შესრულებაა.

„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ათობით მილიონმა ამერიკელმა საკუთარი იმედი ჩვენ მოგვანდო იმაში, რომ ძალაუფლება ვაშინგტონიდან ხალხს გადავცეთ.“

პრეზიდენტი ტრამპის მიერ სოციალური ქსელი „ტვიტერით“ მესიჯების გავრცელება ასევე გამოწვევას წარმოადგენს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი ამბობს, რომ ამერიკა ამას უნდა შეეგუოს:

„ჩემი აზრით, ვნახავთ ბევრ არატრადიციულ საქმიანობას, როგორიცაა „ტვიტერი“ სხვა მსგავსი რამ. ჩემი აზრით, უბრალოდ მოგვიწევს ამასთან შეუგუება.“

ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპმა მხარდამჭერების ბაზის გაფართოება უნდა სცადოს. ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯონ ჰუდაკი ამბობს:

„ჰილარი კლინტონს 2.8 თუ 2.9 მილიონით მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრამპი არალეგიტიმური პრეზიდენტია. არა! მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მას ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის, რომ ამერიკულ საზოგადოებას დაანახოს ის, რომ ის წარმოადგენს ამერიკელების უმრავლესობის ღირებულებებს.“

ამ ეტაპზე ჩანს, რომ ტრამპი აპირებს მისი მხარდამჭერების ძირითადი ბაზისთვის მიცემული საარჩევნო დაპირებების შესრულების გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება.

XS
SM
MD
LG