ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის დეპარტამენტი მაიკლ ფლინის უცხოურ კავშირებს გამოიძიებს


მაიკლ ფლინი დანიშვნიდან 24 დღეში გაათავისუფლეს. თუმცა ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის კონტაქტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, კონგრესში ჯერ ისევ აჩენს კითხვის ნიშნებს.

ელია კამინგსი, წარმომადგენელთა პალატის სამეთვალყურეო კომიტეტი

"არ მესმის, რატომ აფარებს ხელს თეთრი სახლი მაიკლ ფლინს"

კამინგსის განცხადებით, პენტაგონი გენერალი ფლინის რუსეთთან და თურქეთთან კავშირებს შეისწავლის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტმა ფლინს აცნობა უცხოური შემოსავლების მიღების შემთხვევაში წინასწარი თანხმობის საჭიროებაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის ფლინის ადვოკატის განცხადებასთან, რომ მას სურდა მიეღო ნებართვა 2015 წელს მოსკოვში ვიზიტის თაობაზე, როდესაც ის პრეზიდენტმა პუტინმა ვახშამზე მიიღო.

თეთრმა სახლმა უარი განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სამეთვალყურეო კომიტეტის მოთხოვნაზე, მიეწოდებინა დოკუმენტები, რასაც საგამომძიებლო კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კანონმდებლის შეშფოთება მოჰყვა.

ჯეისონ ჩაფეტსი, წარმომადგენელთა პალატის სამეთვალყურეო კომიტეტის თავმჯდომარე

"მე ვერ ვხედავ ვერანაირ მტკიცებას იმისა, რომ ფლინი კანონის ფარგლებში მოქმედება"

თუმცა თეთრმა სახლმა უარყო ბრალდებები, რომ არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ფლინის ისტორიის შესწავლა მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ იყო.

შონ სპაისერი, თეთრი სახლის პრესსპიკერი

"ყველა კანდიდატის შემოწმება ობამას ადმინისტრაციამ განახორციელა და აქედან გამომდინარე, მათ იცოდნენ ამ ვიზიტის შესახებ."

სპაისერმა დაადასტურა, რომ გამოძიება თეთრი სახლისთვის მისაღებია და მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ტრამპმა ფლინი გაათავისუფლა.

შონ სპაისერი, თეთრი სახლის პრესსპიკერი

"პრეზიდენტმა სწორ დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და როგორც ჩანს ამან შედეგი გამოიღო."

თუმცა სავარაუდოდ დემოკრატები გააგრძელებენ დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის მოთხოვნას.

სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი

"ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია. ის შეეხება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ ვერ ვანდობთ ამ საქმის წარმართვას გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ანგარიშვალდებულნი არიან."

დემოკრატები ამბობენ, რომ გამოძიებისგან უფრო მეტ ინფორმაციას გამოითხოვენ.

ელია კამინგსი, წარმომადგენელთა პალატის სამეთვალყურეო კომიტეტი

"ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმის შესწავლას."

საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა თავდაცვის დეპარტამენტმა გამოიტანოს. რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მოითხოვა იმის დადგენა დაარღვია თუ არა კანონი გენერალმა ფლინმა.

XS
SM
MD
LG