„მე არასდროს მითანამშრომლია რუსეთთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. რამდენიმე დღის წინ გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა ცნობები იმის თაობაზე, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჰქონდა ეჭვი, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.
პრეზიდენტმა ამას თავდაპირველად შეურაცხმყოფელი განცხადებები უწოდა, ორშაბათს კი პირდაპირ უარყო გავრცელებული ბრალდებები.
"ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევდა იმ საკითხს, მუშაობდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მოსკოვისთვის და საკუთარი სურვილის მიუხედავად, იყო თუ არა კრემლის გავლენის ქვეშ. ბიურომ ეს კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის კამპანიის წევრების კრემლთან კავშირების საკითხს იძიებდა.
გარდა ამისა, გაზეთ "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ ტრამპმა უჩვეულოდ გაასაიდუმლოა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის ყველა ჩანაწერი და დუმილი მოითხოვა შეხვედრაზე დამსწრე თარჯიმნებისგანაც.
როდესაც გავრცელებულ ინფორმაციაზე პრეზიდენტს ორშაბათს ბრიფინგზე დაუსვეს შეკითხვა, დონალდ ტრამპმა გაბრაზებით უპასუხა:
"მე არასდროს მითანამშრომლია რუსეთთან და ამ კითხვაზე პასუხი თქვენ ყველაზე უკეთ იცით. მე არათუ არასდროს მიმუშავია რუსეთისთვის, არამედ ამის კითხვაც კი შეურაცხმყოფელია, რადგან ეს ერთი დიდი ტყუილი, შეთზული ამბავია", - თქვა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხსაც და იმასაც, თანამშრომლობდა თუ არა ოდესმე ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან კრემლის ინტერესების შესაბამისად - სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდი იძიებს.
მართალია პრეზიდენტი განაგრზობს გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიტიკას ამ გამოძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ მის მიერვე ნომინირებული პირი, რომელმაც გენერალური პროკურორის პოსტი უნდა დაიკავოს, ამბობს, რომ მალერის გუნდს გამოძიების ბოლომდე მიყვანის საშუალება უნდა მიეცეს.
უილიამ ბარი, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტზე 90-იანი წლების დასაწყისში ორი წლის მანძილზე მუშაობდა, ამბობს, რომ გამოძიების დასრულება "სასიცოცხლო მნიშვნელობისაა", გამოძიების შედეგები კი საჯარო უნდა იყოს. ბარი სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე დასამტკიცებლად სამშაბათს უნდა წარდგეს.