შეერთებული შტატების პროკურორების გადაწყვეტილებით, თუკი ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებაში, არასწორ ქმედებაში დასდებენ ბრალს, ოფიციალურად მისთვის ბრალის წაყენება მაინც არ მოხდება. აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატები ავრცელებენ.
2016 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის და ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის საქმეს, ერთი წელია სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი იძიებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული ბრალდება ხუთშაბათს კიდევ ერთხელ უარყო. ამერიკის ლიდერმა მიმდინარე გამოძიება თავიდანვე „კუდიანებზე ნადირობად“ მონათლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მალერი პრეზიდენტის სასამართლოში სავალდებულო გამოძახებით დაიმუქრა, თუკი ადვოკატებთან ნებაყოფლობითი გასაუბრების თაობაზე შეთანხმება არ შედგა. ტრამპის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ თუ მას სასამართლოში გამოიძახებენ და ფიცის დადებით ჩვენების მიცემას აიძულებენ, პრეზიდენტს შეუძლია დუმილის უფლება გამოიყენოს.
„ეს კუდიანებზე ნადირობა არ არის, როცა ტრამპის კამპანიის მმართველ წევრებს ბრალდება აქვთ წაყენებული... როცა დემოკრატები და რესპუბლიკელები, დაზვერვის წრეებთან ერთად თანხმდებიან, რომ რუსეთი ჩვენს არჩევნებზე ჩაერია და პრეზიდენტ ტრამპს დაეხმარა“ - აცხადებს სენატის უმცირესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა, ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გვინდა, რომ ეს ამბავი დასრულდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი, მას (რობერტ მალერს) მუშაობის დასრულებაში ხელი არ უნდა შეეშალოს“.