ამერიკის სენატორი მარკ ვორნერი ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეციალურ გამომძიებელ რობერტ მალერს გადააყენებს, ან გამოძიებას შეწყვეტს, ამან შესაძლოა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვიოს.
რობერტ მალერი ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებს.
ვორნერმა, რომელიც ამავე დროს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, გუშინ სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა რომ მსგავსი ქმედება არა მხოლოდ კითხვებს გააჩენს სურს თუ არა ადმინისტრაციას რეალურად გამოძიების შედეგების ნახვა, არამედ ზოგადად, ქვეყანაში კანონის უზენაესობის მიმართაც.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი სპეციალური გამომძიებლის გადაყენებას გეგმავს. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გაკეთებას არ გეგმავს. თუმცა, მისი ადვოკატები სპეციალურ გამომძიებელს ბრალს სდებენ, რომ მან არალეგალურად შეაგროვა ხელისუფლების გადაცემის პროცესის მმართველი გუნდის ათეულობით ათასი ელექტორნული წერილი.