გაზეთ “ვაშინგტონ პოსტი” ცნობითმ სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტი გამოძიების საგანია, მის წინააღმდეგ კრიმინალური ბრალდება არ იგეგმება.
გაზეთი რამდენიმე წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლებიც კარგად იცნობენ მალერის გამოძიებას. მათი თქმით, მალერი ტრამპის ადვოკატს მარტის დასაწყისში შეხვდა და უთხრა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის დაკითხვა გამორიცხული არ არის.
ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა. გავლენის მოხდენის მიზანი დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისთვის ზიანის მიყენება და მისი გამარჯვების შანსების შემცირება იყო.
პრეზიდენტი ტრამპი უწყვეტად უარყოფს მისი კამპანიის რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებას.
ტრამპის ახლო გარემოცვას მიაჩნია, რომ მალერი, ამ ეტაპზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ კრიმინალური ბრალდების წაყენებას არ გეგმავს. თუმცა, პრეზიდენტის დაკითხვამ, შესაძლოა, მისთვის ლეგალური პრობლემების საფუძველი გააჩინოს.
Facebook Forum