აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ნოემბერში ამერიკის კონგრესის შუალედური არჩევნების დროს გამორიცხული არ არის რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობა.
"ბი-ბი-სი-სთან" ინტერვიუში, პომპეომ თქვა, რომ კრემლის ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დასავლეთის ქვეყნებში, არ შემცირებულა.
შეკითხვას, შეეცდება თუ არა მოსკოვი გავლენა მოახდინოს შუალედურ არჩევნებზე, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ „ყველანაირად მოველი, რომ გააგრძელებენ მცდელობას და ამას გააკეთებენ“.
როგორც აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა 2017 წლის იანვარში გამოაცხადეს, მათ დადგენილი აქვთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად გასცა დავალება ჰაკერულ-პროპაგანდისტული კამპანიით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური გამომძიებელი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მალერი და კონგრესის სამი კომისია ცალ-ცალკე აწარმოებენ გამოძიებას აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის ბრალდებასთან დაკავშირებით.
Facebook Forum