დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საიმიგრაციო პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის დროს, ეს ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საკითხი იყო. მექსიკის საზღვართან ოჯახების დაყოფის და ბავშვების მშობლებისგან დაცალკევების პრაქტიკის გამო, ტრამპს მაშინაც და ახლაც ხშირად აკრიტიკებენ.
მისი ადმინისტრაციის ხუთმა ყოფილმა წევრმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს", რომ აშფოთებთ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, საიმიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება. ისინი წუხან იმაზე, თუ როგორი იქნება ტრამპის მიერ 2018 წელს შემოღებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, რომლის გამოც წარსულში ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე ათასობით ბავშვი ოჯახებს ჩამოაცილეს.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი 81 წლის გახდა”ოჯახის წევრების დაცალკევებამ, რაც გამოწვეული იყო ნულოვანი ტოლერანტობით, ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია” - ამბობს ტომ ჰომენი, ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, რომელიც იმიგრაციის მიმართულებით მუშაობდა და არჩევნებზე ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა მასთან კვლავ ითანამშრომლოს. ”ამის გაკეთების საუკეთესო გზა, ამ უზარმაზარ ქაოსთან გამკლავების ნაცვლად, იქნებოდა მათი [იმიგრანტების] ერთად ყოფნა რეზიდენტთა ცენტრში და სასამართლოში მათი ერთად მოსმენა”, აღნიშნავს ის.
გამოკითხვების მიხედვით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვების მსურველთა შორის, კვლავ ლიდერია. საზღვრის უსაფრთხოება კი მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი პირობას დებს, რომ აღადგენს მტკიცე საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელსაც მისი ადმინისტრაცია 2017-2021 წლებში ატარებდა. ტრამპის თქმით, ის კიდევ უფრო გაამკაცრებს მას, რათა შეფერხდეს როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.