ტრამპი ობამას კრიტიკას განაგრძობს

დონალდ ტრამპს აერაერთი დემოკრატი მეტოქე ჰყავს. ამ ეტაპზე, ათეული ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვოს და არჩევნებში რესპუბლიკელი პრეზიდენტი დაამარცხოს. თუმცა, როდესაც საქმე საჯარო განცხადებებს ეხება, ტრამპი ყველაზე დიდი ენთუზიაზმით მაინც თავის წინამორბედს აკრიტიკებს.

ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კრიტიკის საგანი გამხდარა ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა ამერიკის საგარეო პოლიტიკა სირიაში, სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან თუ გოლფის თამაშში გატარებული დრო.

ბოლო კრიტიკა კი ტრამპის მხრიდან დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას გაისმა. მისი თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა ობამას "ჭკუაში აჯობა" იმით, რომ მან უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა.

ტრამპმა ობამა 246 "ტვიტერ" პოსტში ახსენა.

ანალიტიკოსები, რომლებიც პრეზიდენტის სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს იკვლევენ, ამბობენ, რომ იმ 951 დღის განმავლობაში, რაც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე გაატარა, ობამა 246 "ტვიტში" ახსენა ან მასზე მითითება გააკეთა. ჰილარი კლინტონი კი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ტრამპის კონკურენტი საპრეზიდენტო ასპარეზობისას, 313-ჯერაა ნახსენები. ის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებების მთავარი სამიზნეა.

ობამას კრიტიკა განსაკუთრებით ხშირადაა ნახსენები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად ირანის ბირთვული შეთანხმება. ტრამპი მას "საშინელ შეთანხმებას" უწოდებს და ამბობს, რომ ობამამ ირანელებს ბირთვული იარარის შექმნისკენ გაუხსნა გზა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წინამორბედის ამგვარი კრიტიკა უმაღლესი მთავარსარდლის და პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დამაზიანებელია, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის ჭრილში.