პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწვეტილება გამოიყვანოს ჯარები სირიიდან განხორციელების პროცესშია. პენტაგონი ადასტურებს, რომ ამერიკის სამხედრო ტექნიკა საბრძოლო ველს ტოვებს, თუმცა ამ დრომდე ამერიკელი სამხედროები ადგილზე რჩებიან.
პრეზიდენტ ტრამპის დაპირება, რომ ამერიკა დაასრულებს საზღვარგარეთ სამხედრო კამპანიებს, თეთრი სახლისთვის რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამერიკას სამხედრო წარმომადგენლობა სხვადასხვა ფორმით 150 ქვეყანაში აქვს. შვიდ მათგანში კი, მათ შორის სირიაში, ომშია ჩართული.
საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მისი პოლიტიკური ხედვა საგარეო ინტერვენციების თავიდან აცილება და მისი სიტყვებით, „დაუსრულებელი ომების“ დამთავრება იყო. „ინტერვენციების და ქაოსის ეს მავნე წრე საბოლოოდ უნდა დასრულდეს, ხალხო“, - თქვა დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან ერთ-ერთ შეხვედრის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო ჩართულობის შემცირების პირობა დადო, მას სამხედრო ხარჯები არ შეუმცირებია. ამერიკა მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს შეიარაღებისა და თავდაცვისთვის. შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოს სამხედრო დანახარჯების 35%-ს უდრის.
„ამერიკის სამხედრო ხარჯები მიყოლებით ორი წლის განმავლობაში არ შეცვლილა“, - აცხადებს ნან ტიანი, სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტიდან.
პრეზიდენტის გადაწვეტილებას სირიიდან ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკოსების თქმით გადაწვეტილება ნაადრევი და დაუგეგმავი იყო. თუმცა, დონალდ ტრამპის ხედვას საგარეო არენაზე სამხედრო ჩართულობისადმი, ვაშინგტონში მემარცხენეების ნაწილი იზიარებს. მათ შორისაა პრეზიდენტობის ერთ-ერთი დემოკრატი კანდიდატის ელიზაბეტ უორენი.
მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური შეხედულებები ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხედვას გარკვეულწილად ემთხვევა. „ტრამპის ადმინისტრაციას ახალი კონფლიქტი ან ახალი ომი არ სურს, ეს კიდევ ერთი რამაა, რაც მათ [ობამასა და ტრამპმს] აახლოებს“, - აცხადებს აარონ დეივიდ მილერი "უილსონის ცენტრიდან."
თუმცა ზოგჯერ, სამხედრო ველის დატოვებას და საგარეო პოლიტიკური ჩართულობის დასრულებას უფრო მეტი პრობლემა მოჰყვება. ამერიკელი პოლიტიკოსები ჯერ ისევ უმკლავდებიან იმ გაკვეთილებს, რაც მათ ავღანეთში ამერიკის შეჭრიდან მიიღეს. ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2001 წლიდან იბრძვიან და ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ომია.
სირიის ომი უფრო მეტად კომპლექსური და რთულია. ამერიკის მოწინააღმდეგეები იქ ტერორისტული დაჯგუფდება „ისლამური სახელმწიფო“, ირანი და რუსეთი არიან. „გამოსვლა არაა სწორი არჩევანი, რადგან ეს გულისხმობს ამ აქტორებისთვის ყველაფრის დათმობას“, - აცხადებს სეტ ჯოუნსი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან.
ამერიკელი სამხედროების და ტექნიკის სირიიდან გასვლის კვალდაკვალ, მიმომხილველები ამერიკის მთავრობას მოუწოდებენ იპოვოს პოლიტიკური გადაწვეტილება, მისიის დასრულებამდე.
„ამერიკამ ხელახლა უნდა განაცხადოს თუ რა არის მისი ახლანდელი სტრატეგია, ეს ნათლად გამოხატოს და მოილაპარაკოს იქამდე, სანამ რაიმე საჯარო განცხადება გაკეთდება“, - ამბობს ჯოუნსი.
მიმდინარე კვირაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ახლო აღმოსავლეთში ცხრა ქვეყანას ეწვევა. პომპეო ცდილობს ამერიკის ის მოკავშირეები დაარწმუნოს ამერიკის მხარდაჭერაში, რომელთაც ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება აღელვებთ.
Facebook Forum