ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლე: ევროპასთან ურთიერთობაში ამერიკა საქართველოს მეტად უნდა დაეხმაროს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დერეკ შოლე
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დერეკ შოლე

ობამას ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მაშინ გაუმჯობესდა, როცა რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მართავდა. ის ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკას და მის შედეგებს აფასებს. შოლე ასევე აცხადებს, რომ რომ ვაშინგტონმა რუსეთს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება არ უნდა მისცეს და საქართველოს გერმანიასთან და საფრანგეთთან დაახლოებაში დაეხმაროს. ობამას ადმინისტრაციის დროს, დერეკ შოლე თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე იყო. დღეს ის გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარია. შოლეს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო დერეკ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში უკვე დიდი ხანია ხართ ჩართული და ასევე დიდი ხანია მას სწავლობთ. როგორ შეაფასებდით ამ ურთიერთობას დღეს?

უდავოა ის, რომ ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. რუსეთი ამერიკის დემოკრატიას და ევროპელი მოკავშირეების დემოკრატიას დაესხა თავს. ძალიან ცოტაა ისეთი საკითხი, რომელზეც ამერიკას და რუსეთს შეთანხმება შეუძლია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დამაბნეველ პერიოდში ვართ, რადგან უმაღლეს დონეზე - პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის - განსხვავებული ატმოსფეროა, რაც ცოტა ხნის წინ, ჰელსინკის სამიტზე გამოჩნდა. შეერთებულ შტატებს კარგი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს. ასე რომ, ურთიერთობა საკმაოდ რთულია.

როდის ამოვარდა ურთიერთობა რელსებიდან? თითოეული პრეზიდენტი დასაწყისშივე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ ობამას ადმინისტრაციის დროს ამ პროცესში იყავით ჩართული. რა მოხდა?

როცა მედვედევმა საპრეზიდენტო ვადა დაამთავრა და პრეზიდენტად პუტინი დაბრუნდა ურთიერთობის გაფუჭება მაშინ დაიწყო. [...] მას შემდეგ ურთიერთობა სტაბილურად გაუარესდა და დაძაბულობამაც მოიმატა.

ვფიქრობ, ბოლო პერიოდში, ურთიერთობის გაუარესება 2012-2013 დაიწყო, როცა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა. რომ გადავხედოთ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ცივი ომის შედეგ, თანამშრომლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს 2009-2013 წლებში - "გადატვირთვის" პოლიტიკის დროს - იყო. მაშინ პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ მედვედევს გარკვეული მიღწევები ჰქონდათ. ასევე ჰქონდათ მნიშვნელოვანი უთანხმოებებიც, მაგრამ მაგალითად ავღანეთთან, ირანთან თუ ბირთვული არსენალის შემცირებასთან დაკავშირებით, მათ საერთო ენის გამონახვა მოახერხეს.

როცა მედვედევმა საპრეზიდენტო ვადა დაამთავრა და პრეზიდენტად პუტინი დაბრუნდა, ურთიერთობის გაფუჭება მაშინ დაიწყო. მას შემდეგ კი ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა - 2014 წელს მოხდა ყირიმის უკანონო ანექსია და 2015 წელს რუსეთმა სირიაში ჩართულობა გაზარდა. მას შემდეგ ურთიერთობა სტაბილურად გაუარესდა და დაძაბულობამაც მოიმატა.

მაგრამ პუტინი ხომ სინამდვილეში არსად წასულა...

ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოუცნობი პერიოდია. ერთი, რაც ობამას ადმინისტრაციამ ვერ გათვალა, ის იყო, რომ არასწორად დაასკვნა, რომ პუტინი მედვედევის ძალისხმევას მხარს უჭერდა. ეს მხარდაჭერა სინამდვილეში იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე გვეგონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არსებობდა მოლოდინი, რომელიც აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. იყო მოლოდინი, რომ როცა პუტინი დაბრუნდებოდა პრეზიდენტად, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული განგრძობითობა იქნებოდა, რადგან ვასკვნიდით, რომ პუტინი სინამდვილეში არსად წასულა. შეკითხვა კვლავ რჩება - როგორ აიხსნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მედვედევის პერიოდში, როცა დაძაბულობა გაცილებით დაბალი იყო.

ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები დღესაც გრძელდება. თუმცა, ევროპის ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ რუსეთი არ შეცვლილა და რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ 2008 წლის გაგრძელებაა და “გადატვირთვა” ნორმიდან გადახვევა იყო.

საქართველოს გადმოსახედიდან ეს სხვანაირად გამოიყურება. საქართველოს გადმოსახედიდან შეერთებულმა შტატებმა რეაგირება არ გააკეთა რუსეთის საქართველოში შეჭრაზე, სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთს არ მიჰყვა ბოლომდე და არ გააგრძელა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა. ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ რუსეთის საქართველოში შეჭრაზე არ გააკეთა რეაგირება, არამედ უპასუხოდ დატოვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

შეერთებული შტატების რეაქცია 2008 წლის აგვისტოს ომზე ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, თუ რა მოხდა 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები დღესაც გრძელდება. თუმცა, ევროპის ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ რუსეთი არ შეცვლილა და რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ 2008 წლის გაგრძელებაა და “გადატვირთვა” ნორმიდან გადახვევა იყო. სამწუხაროდ, დღეს შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს - პრეზიდენტის გამოკლებით - არსებობს კონსენსუსი რუსეთის ზრახვებზე და რუსეთის მიერ ჩვენთვის პოტენციური ზიანის მიყენებაზე. ჯერ ისევ მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რა რეაგირება უნდა გააკეთოს ამერიკამ, მაგრამ არ მგონია არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ რას წარმოადგენს რუსეთი.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრეზიდენტი ტრამპი ერთგვარი გამონაკლისია. ეს რომ გვერდზე გადავდოთ, თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლება ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ურთიერთობაში ასეთი დაძაბულობა საშიშია არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ამერიკის და ნატოს გადმოსახედიდან, საქართველო არაჩვეულებრივი პარტნიორია. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც ალიანსის მისიების მხარდასაჭერად, მაგალითად, ავღანეთში და მანამდე ერაყში, იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ბევრი ნატოს წევრი. ამერიკისთვის ეს შეუმჩნეველი არ რჩება.

ყოველთვის მნიშვნელოვანია დიპლომატებმა და ლიდერებმა პოტენციურად დადებითი შესაძლებლობები ეძებონ. არსებულ კონტექსტში ეს ძალიან რთულია. სამომავლოდ საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, დადებითი ჩართულობის ძებნაა იქ, სადაც თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ფხიზელი თვალით უნდა შევაფასოთ შესაძლებლობების პოტენციალი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ წინააღმდეგობის გასაწევად იქ, სადაც ჩვენი ინტერესები საფრთხის წინაშეა. ეს განსაკუთრებით იმ უხეშ და საშიშ ნაბიჯებს ეხება, რომლებიც რუსეთმა გადადგა ამერიკის დემოკრატიული ფუნდამენტების შესარყევად.

საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენიდანვე, შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ტრამპის ადმინისტრაციამ ისიც კი გააკეთა, რაც მანამდე არ მომხდარა - საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიყიდა. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოს ურთიერთობაზე ევროპასთან. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ზოგიერთ ისეთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია?

ამერიკის და ნატოს გადმოსახედიდან, საქართველო არაჩვეულებრივი პარტნიორია. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც ალიანსის მისიების მხარდასაჭერად, მაგალითად, ავღანეთში და მანამდე ერაყში, იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნატოს ბევრი წევრი. ამერიკისთვის ეს შეუმჩნეველი არ რჩება. ანუ, საქართველო ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, თუ ნატოს როგორი წევრი შეუძლია იყოს. ვფიქრობ, აქ შეერთებულმა შტატებმა ლიდერის როლი უნდა ითამაშოს. სამწუხაროდ, არ მგონია ამერიკა დღეს ლიდერის პოზიციაში იყოს, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებული ნაპრალის გასამრთელებლადაა საჭირო. ეს კი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გარემოებები სწორად უნდა დალაგდეს. საქართველოსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოს ნატოში მომავალზე შეთანხმება უნდა შედგეს, ამერიკა კი ამ ძალისხმევის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება.

ამბობთ, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ამერიკა უნდა ჩაუდგეს სათავეში? რის გაკეთება შეუძლია ამერიკას?

ამერიკას შეუძლია უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ურთიერთობაში ზოგიერთ მნიშვნელოვან ევროპულ ქვეყანასთან, მაგალითად გერმანიასთან. ამ მიზნის მისაღწევად, მეტი დიპლომატიური ენერგიაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, იქნება ეს რუსეთისთვის სიგნალის გაგზავნა, რომ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიისა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე მუდმივი თავდასხმების მიუხედავად, რუსეთს საქართველოს ბედის გადაწყვეტაზე ვეტოს უფლება არ აქვს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობისთვის, არამედ ევროპული პროექტის მომავლისთვისაც. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკას გამარჯვებები დასჭირდება და ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამარჯვება შეიძლება იყოს.

ამ კონტექსტში, როცა ამერიკის ლიდერობა შესუსტებულია, როგორ ხედავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას?

ვფიქრობ, ახლო მომავალში ეს რთული იქნება. ნატოში ეგზისტენციალური კრიზისია, რასაც - ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ - შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დასმული შეკითხვები იწვევს ამერიკის ალიანსში სამომავლო ჩართულობასა და ზოგადად, ნატოს მომავალზე. ვფიქრობ, ნატომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური აქტივია. სამწუხაროდ, სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ალიანსისთვის რთული იქნება საქართველოსკენ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, ბოლო დროს მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება და ახლა მაკედონიაზე საუბარი იმის ნიშანია, რომ ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობისთვის მზად არიან და ამის სურვილი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ბუქარესტის სამიტის განცხადება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით, შესრულდება.

არის რამე ისეთი, რასაც საქართველო უფრო აქტიურად უნდა აკეთებდეს, რაც გაწევრიანებას დააჩქარებდა?

თავდაცვის დანახარჯების და ნატოს მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით, რთულია რაიმე გამოვკვეთოთ. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებს. მახსოვს, ობამას ადმინისტრაციის დროს, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალებზე საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო წარმოდგენილი, რადგან ავღანეთის მისიაში ის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილე იყო. საქართველო ყოველთვის მზად იყო ნატოს მისიებისთვის ასობით ჯარისკაცი გამოეყო და ამას ერთ-ერთი პირველი აკეთებდა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნატოს წევრები. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს კარგი პარტნიორობა ნატოსთან. სხვა წინადადება არ მაქვს.

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოში ერთგვარი დაღლილობა შეინიშნება. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს. თუმცა, „კარი ისევ ღიაა,“ მაგრამ საქართველოს კარში შესვლას არავინ სთხოვს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ შეხედულებების დაბალანსება? დეზინფორმაციის ამ ხანაში, ეს შესაძლებელია?

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მნიშნველოვანია ამერიკამ და ნატოელმა პარტნიორებმა გააგრძელონ იმის გამეორება, რომ კარი ღიაა და გვინდა, რომ სხვა ქვეყნებიც შემოვიდნენ ამ კარში. გარემოებები სწორად უნდა დალაგდეს. საქართველოსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოს ნატოში მომავალზე შეთანხმება უნდა შედგეს, ამერიკა კი ამ ძალისხმევის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG