საბრძოლო მოქმედებები რუსეთ–საქართველოს შორის 2008 წელს შეწყდა, თუმცა ომის კვალი დღესაც მძაფრად შეიგრძნობა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარედ. 2008 წლის აგვისტოს ბოლოს სოფელ ზემო ხვითში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის მიერ გადაღებული ფოტო ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც საქართველოში ჩამოვარდნილი კიდევ ერთი, მესამე „ტოჩკა უ“–ს შესახებ ინახავს ინფორმაციას. ის, როგორც საშიში ნივთმტკიცებმა რუსმა ჯარისკაცებმა წაიღეს აგვისტოს ბოლოს ისე, რომ კვალი არ დაუტოვიათ.
„ტოჩკა უ“ წერტილოვანი დარტყმებისთვისაა განკუთვნილი, რაკეტის მოქმედების არეალი 120 კილომეტრია. „ტოჩკა–უ“–ს კომპლექსის ცხინვალის რეგიონში სწავლების მიზნით განთავსების შესახებ ოფიციალურად 2011 წელს გახდა ცნობილი.
ომიდან ათი წლის შემდგომ, ფოტოს კვალდაკვალ, ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ამერიკის ხმამ ის ადამიანი მოძებნა, ვინც 2008 წლის აგვისტოში „ტოჩკა–უ“– სთან ერთად გადაიღო.
დანიშნულების წერტილის ძიებისას სოფელ ზემო ნიქოზში ლექსო მაისურაძესაც მივაკვლიეთ, რომელიც ასევე გვიყვება მის ეზოში ჩამოვარდნილი სავარაუდო ისკანდერის თაობაზე და ფოტოზე გამოსახული ტოჩკა უ–ს გვერდით მდგარი ადამიანის შესახებაც გვაწვდის ცნობებს.„ჩემ სახლს სახურავი ჩამოენგრა, ცეცხლი მოეკიდა. ბომბიც აქ ეგდო, მაგასაც ცეცხლი ეკიდა, მითხრეს წყალი არ დაასხა, არ შეიძლებაო. ახლოს რომ მივედი, საათის ხმა ისმოდა და მივხვდი, რომ აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მეზობლებს ვუთხარი, აქედან უნდა წავიდეთ ყველანი– მეთქი. ვიცოდი, მაგ დროს მთავარია, ხალხი მოაცილო იმ ადგილს. მაგრამ არ გასკდა, ეტყობა უვარგისი ბომბი იყო. სამი დღე აქ ეგდო, მერე ჩვენი ბიჭები მოვიდნენ, მეზობლები, ურემზე დადეს და გაიტანეს. ამის მერე რუსები მოვიდნენ, ეძებდნენ იმ ბომბს, მანქანებით დადიოდნენ, სად ჩამოვარდაო, მაგრამ ჩვენებმა მოასწრეს, გაიტანეს, რაღას ნახავდნენ. ცხრა მეტრი იქნებოდა სიგრძე, ფეხით გადავზომე. ეს ბომბი გამოისროლეს რუსების ბაზიდან „ძარას“ ეძახიან. არ აფეთქდა, თორემ 200 მეტრ რადიუსში სასიკვდილო ძალა აქვს. ამბობდნენ, ისკანდერი არისო, გარშემო სხვა ბომბები ჰქონდა და თვითონ მზიდავის ფუნქციას არსულებდაო. ზუსტად არ ვიცი“,– გვეუბნება ლექსო მაისურაძე.
„ტოჩაკ–უ“ს კვალი ზემო ხვითში მიდის. ახლა უკვე ვიცით იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც ვეძებთ, ეს ნიკო გოგიშვილია. გოგიშვილების სახლში მისი შვილი, კობა გოგიშვილი გვხვდება, რომელიც დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებს.
ზემო ხვითში უზარმაზარი ბომბის თაობაზე, რომელიც რამდენიმე მეტრი სიგრძის იყო და რომელიც შემთხვევით არ აფეთქდა, არავის დავიწყებია და მისი ჩამოვარდნის ადგილიც კარგად ახსოვთ. „მინამიოტები ცხინვალის მხრიდან მოდიოდა, სავარაუდოდ, ტყიდან ისროდნენ, ოღონდ ის „ტოჩკა უ“ ჯავის მხრიდან ისროლეს. ჰაერში ტრიალებდა და ცეცხლი ეკიდა, ვხედავდით, როგორ მოფრინავდა. ისეთი სროლები იყო, რომ აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ვერ გაიგებდი, სად რა ცვიოდა. მერე წავედით სოფლიდან. როცა დავბრუნდით, ეს ტოჩკა უ კიდევ აქ ეგდო. რუსები ეკლესიის მხრიდან მოვიდნენ და წაიღეს. იმ დროს ჩვენი პოლიცია ვერ შემოდიოდა. აქ პოსტი რუსებს ჰქონდათ, დადიოდნენ, პატრულირებდნენ. ალბათ კვალის დასაფარად წაიღეს. ეგ რუსული ტექნიკის ნაწილი იყო. ალბათ საერთაშორისო ვითარებისა შეეშინდათ, მაგრამ შეშინებაც არ ითქმის... მერე რომ თავის გამართლება არ დასჭირვებოდათ, ალბათ ამიტომ წაიღეს, თორემ დატოვდნენ და დაანებებდნენ თავს. ახლა გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ ვტყუოდით. ომი ვის უნდოდა? არავისაც არ უნდოდა, მაგრამ ჩვენ მიწაზე მოდიოდნენ და რა გვექნა? როცა ძლიერი ხარ, სიმართლე შენსკენ არის, თუნდაც მტყუანი იყო“,– გვეუბნება კობა გოგიშვილი.
„ტოჩკა უ“ 2008 წელს 8 აგვისტოს დილით ისროლეს და ის ხვითში ლეილა ლაზარაშვილის ეზოში აღმოჩნდა. „ეს ბომბი რომ ჩამოვარდა, აქ ვიდექი, აივნის ქვეშ. ისეთი ლაწა–ლუწი ატყდა შუშებისა, აი, ასე დავიფარე თავზე ხელები. ეგ მიშველიდა? არც ერთი შუშა არ გადარჩა, სულ ჩამოცვივდა, ჩარჩოებიც კი გატყდა. შემეშინდა რომელია – გულები დაგვისკდა. რვაში დილით ჩამოვარდა ეგა. მერე ჩვენ წავედით გორში. როცა გავბედეთ სოფელში დაბრუნება, ჭანჭური იყო დამწიფებული და ვიფიქრე, წავალ, ავკრეფავ–მეთქი. ხმა მესმის კაცებისა და თან ჩეხვის ხმა. ვიფიქრე, ვინ არიან მეთქი. მივედი და დავინახე რუსი ჯარისკაცები, ჩემ ღობეს ჩეხავდნენ, გზა რომ გაეთავისუფლებინათ ამ ბომბის გასატანად. დამინახეს და მითხრეს „ზდრავსვტუიწეო“. მე ვუთხარი, ამას რომ აფუჭებთ, თქვენ გამიკეთებთ–მეთქი? ვინ გამიკეთა, დღესაც ისევ ისე ჩაგლეჯილია. გამოვეცალე, შემეშინდა, არ აფეთქდეს–მეთქი,– გვეუბნება ლეილა ლაზარაშვილი.
ომის შემდგომ ლაზარაშვილების ოჯახმა ფანჯრის ჩარჩოების გამოცვლა სრულად ვერ შეძლო. რეაბილიტაცია მხოლოდ ფრაგმენტული შეკეთებებით შემოიფარგლა. ხელისუფლებამ მათ მხოლოდ კონკრეტული ზომის მზა ჩარჩოები შესთავაზა, რომლის ზომა სახლის ფანრების ზომას არ დაემთხვა, ამიტომ დახმარება ფუჭი აღმოჩნდა.
2008 წლის აგვისტოში ნიქოზსა და ხვითში 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ბომბდამშენების მიერ ოჩამჩირეში განთავსებული 58 არმიის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიდან ორი „ტოჩკა–უ“ ფოთის პორტზე იერიშისთვის გამოიყენეს, რომელიც ფოთის ცენტრში ჩამოვარდა.
Facebook Forum