ცოტა ხნის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მუშაობის სრულად აღსადგენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ის კვლავ მოითხოვს მექსიკასთან სასაზღვრო კედლისთვის საჭირო თანხების გამოყოფას, თუმცა სანაცვლოდ დემოკრატებს ე.წ. "მეოცნებეების" სტატუსის დროებით, სამი წლით შენარჩუნებას სთავაზობს.
"მეოცნებეებს" ლეგალური დოკუმენტების არმქონე იმ იმიგრანტებს უწოდებენ, რომლებიც ამერიკაში ბავშვობაში ჩამოიყვანეს და ამერიკულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ. მათ, ვინც ამერიკაში ასეთი გზით ჩამოვიდა და არ იყო ნასამართლევი, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნება დართო ქვეყანაში დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ ნორმატიული აქტი 2012 წელს ამოქმედდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირველივე წელს ამ აქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტმა კონგრესს რამდენიმეთვიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ "დაკას" პროგრამას არსებული სახით აღარ ემოქმედა. თუმცა კონგრესს ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს. მოგვიანებით კი, ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალაში უნდა დატოვოს "დაკას" სახელით ცნობილი აქტი, რომელიც დეპორტაციისგან იცავს ამ 700 000-მდე ახალგაზრდას.
პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ უწოდა ეროვნული კრიზისი ამერიკის სამხრეთ საზღვარზე არსებულ ვითარებას და თქვა, რომ აუცილებელია ეს პრობლემები დროულად გადაიჭრას.
"ათასობით ბავშვი არის ექსპლუატაციის მსხვერპლი, ყოველი მესამე ქალი არის ძალადობის მსხვერპლი, ნარკოტიკები 78 000 ამერიკელს კლავს ყოველ წელს და 700 მლნ ზარალს გვაყენებს, ნარკოტიკების დიდი ნაწილი სწორედ სამხრეთიდან შემოდის", - განაცხადა პრეზიდენტმა კედლის აშენების საჭიროებაზე საუბრისას და თქვა, რომ ეს ყველაფერი სასაზღვრო უსაფრთხოების ნაკლებობის ბრალია
"ჩვენი საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს საამაყო და არა სირცხვილის მიზეზი, როგორიც არის ახლა მთელ მსოფლიოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი გეგმის თანახმად, ადმინისტრაციას კონგრესისგან შემდეგი თანხები სჭირდება:
- 800 მლნ დოლარი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის;
- 805 მილიონი ნარკოტიკული საშუალებების ამომცნობი ტექნოლოგიებისა და ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების უსაფრთხოებისთვის;
- 2 750 სასაზღვრო აგენტის დამატება;
- მოსამართლეთა 75 ახალი გუნდი, რომელიც განიხილავს 900 000-მდე დაგროვილ საქმეს და დააჩქარებს განხილვების პროცესს.
- არასრულწლოვნებს ცენტრალური ამერიკიდან საშუალება მიეცემათ გააკეთონ განაცხადი ამერიკაში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე საკუთარი ქვეყნებიდანვე [და არა ამერიკის საზღვარზე]
- 5.7 მილიარდი დოლარი იმ ფიზიკური ბარიერების შესაქმნელად, რომლებიც საზღვარზე განთავსდება. მისი თქმით, ეს ლითონის კედელი იქნება და ძალიან სწრაფად შემცირდება კრიმინალისა და ნარკოვაჭრობის პრობლემა.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი პრეზიდენტი 3 წლით სთავაზობს გაფართოებულ საგანონმდებლო სტატუსსა და დეპორტაციისგან დაცვის გარანტიებს ე.წ. "მეოცნებეებს". გარდა ამისა, ის სთავაზობს დროებითი დაცვის სტატუსის სამი წლით გახანგრძლივებას იმ 300 000-მდე ადამიანს, რომლების ლეგალური სტატუსიც იწურება.
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა ლიდერმა პრეზიდენტის შემოთავაზების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ (მის ოფიციალურ განცხადებამდე) გაავრცელა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ დემოკრატები იმედოვნებდენ, პრეზიდენტი საბოლოოდ მზად იყო მთავრობის გასახსნელად და სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ რეალური და ძლიერ საწირო დისკუსიების დასაწყებად.
"თუმცა სამწუხაროდ, არსებული წინასწარი ცნობები ადასტურებს, რომ პრეზიდენტის შემოთავაზება არის ნაკრები წინა წარუმატებული ინიციატივებისა, რომელთაგან თითოეული და ყოველი არის მიუღებელი და არ გამოხატავს კეთილგონივრულ მცდელობას დაუბრუნოს სიცხადე ადამიანთა ცხოვრებას. სავარაუდოა, რომ ვერც ერთი ეს ნაწილი ვერ იქნება დამტკიცებული პალატის მიერ. ერთად აღებული ეს წინადადებები კი არ არის დიალოგის დაწყების საფუძველი", - განაცხადა პელოსიმ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრეიდენტი ე.წ. "მეოცნებეების" პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტის პირობას დებს და არა სამუდამოდ.
მისი თქმით, მომავალ კვირას დემოკრატები 6 კანონპროექტს გამოსცემენ იმისათვის, რომ მთავრობის შეჩერებული ნაწილის საქმიანობის აღდგენა მოხერხდეს.