დღეს აქციების ფასებზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა აზიიის, კერძოდ - იაპონიის და ჩინეთის ბირჟებზე. ერთი დღით ადრე, ორშაბათს, სერიოზული ვარდნა მოხდა შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზეც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაზრებზე მომხდარ არეულობას და ეკონომიკურ პრობლემებს ქვეყნის ცენტრალურ საბანკო სისტემას - ფედერალურ სარეზერვო ბანკს - აბრალებს. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ის წერს, რომ ამერიკის ეკონომიკური პრობლემები საპროცენტო განაკვეთის ზრდის ბრალია, რომელსაც ფედერალური სარეზერვო ბანკი აწესებს. ტრამპის თქმით, ჯერომ პაუელს (ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე) არ ესმის ბაზრის მუშაობა და ეკონომიკას აზიანებს.
ფედერალური სარეზერვო ბანკი 2007 წელს დაწყებული ეკონომიკური რეცესიის გამო, ცდილობდა საპროცენტო განაკვეთი თითქმის ნულამდე დაეყვანა და ის რამდენიმე წლის მანძილზე დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინა. ამით ამერიკის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წახალისებას, სტიმულირებას ცდილობდა.
ეკონომიკის გაჯანსაღების და ზრდის ფონზე, მას შემდეგ, რაც უმუშევრობის დონე ქვეყანაში ბოლო 49 წლის მანძილზე რეკორდულად დაბლა დაეცა, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა გადაწყვიტა, რომ საგანგებო სტიმულირება საჭირო აღარ იყო და საპროცენტო განაკვეთი თანდათან, ფრთხილად გაზარდა. იყო საუბარი იმაზეც, რომ ხანგრძლივი სტიმულირება ინფლაციას გამოიწვევს.
ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ცენტრალურ ბანკზე მიტანილი იერიში ბაზრებზე უწესრიგობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეკონომისტები შიშობენ, რომ ინვესტორები ამის გამო ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაში ეჭვს შეიტანენ. ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკისგან დამოუკიდებლობა იმის გარანტიაა, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებებს ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იღებს და არა იმის მიხედვით, თუ რა უფრო აწყობს პოლიტიკოსებს მოცემულ ვითარებაში.