ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სანქციების შემდეგ რუსეთის საფონდო ბირჟის კრიზისი გრძელდება


ევროპის ელექტრო და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებლები რუსეთს აფრთხილებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუბლის ღირებულება დაეცა, საქონელზე ფასი, სავარაუდოდ, 5-10 პროცენტით გაიზრდება.

კომპანია “ელდორადო,” რომელსაც რუსეთის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზია აქვს, ამბობს, რომ სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში ის საქონელზე ფასს გაზრდის.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” იტყობინება, რომ “ელდორადოს” წარმომადგენლის თქმით, “მომწოდებლებმა უკვე დაიწყეს კომპანიების გაფრთხილება ფასების 5-10 პროცენტით გაზრდის შესახებ".

რუსული რუბლის გაუფასურება ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთბული შტატების ხაზინამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ პარასკევს ახალი სანქციები გამოაცხადა.

რუბლის გაცვლითი კურსი დოლართან შედარებით ორშაბათს 3 პროცენტით დაეცა.

რუსეთის ეკონომიკაზე და განსაკუთრებით, საფონდო ბირჟასა და რუბლის ღირებულებაზე გავლენა, კომპანია “რუსალის” წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა იქონია. “რუსალი” მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, სანქციების შედეგად, “რუსალის” აქციებზე ფასი 50 პროცენტით დაეცა.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ამერიკის ხაზინის მიერ სანქციების გამოქვეყნება “ამერიკულ პროტექციონიზმად” შეაფასა.

“ამერიკის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება… იმის მცდელობაა, რომ უსამართლო კონკურენციით გვებრძოლონ, ჩვენი განვითარების შესაძლებლობა შეზღუდონ და დაძაბულობა შექმნან ეკონომიკასა და საფონდო ბირჟებზე,” განაცხადა მედვედევმა პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას.

რუსეთის საფონდო ბირჟაზე ფასები დრამატულად 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად დაეცა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის საერთაშორისო მასშტაბით ძლიერ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს, ქვეყნის ეკონომიკა სუსტი და იზოლირებულია.

გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, "საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის" მკვლევარი ჯეიკობ კირკეგარდი ამბობს, რომ “საქმე გვაქვს ეკონომიკასთან, რომელსაც ავრტორიტარული რეჟიმი მართავს და რომელიც მჭიდროდაა დამოკიდებული გაზისა და ნავთობის გლობალურ ფასებზე.” კირკეგარდის თქმით, “ეს მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორებია და თითქმის ყველა მთგანი გეოპოლიგიკური მნიშვნელობისაა.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG