თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები იანვრის შემდეგ მეორედ დააწესა. 6 აპრილს გამოქვეყნებული სანქციები შვიდ რუს ოლიგარქს, რუსეთის ხელისუფლების ჩვიდმეტ მაღალჩინოსანს, იარაღის სახელმწიფო ინდუსტიას და 12 კერძო კომპანიას ეხება. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, პრეზიდენტ პუტინის და მისი გარემოცვის კერძო აქტივები გლობალურად, დაახლოებით, 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეკონომისტი ანდერს ასლუნდი რუსი ოლიგარქების სანქცირებასთან ერთად მათი აქტივების გაყინვის წინადადებით გამოდის.
ბატონო ანდერს, მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკის ხაზინა რუს ოლიგარქებს ახალ სანქციებს უწესებს. რით განსხვავდება ეს სია იანვარში გამოქვეყნებული, ეგრეთწოდებული, „კრემლის სიისგან“?
რამდენადაც მე მესმის - ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ მდიდრები, არამედ მათ ფული კრემლთან და პრეზიდენტ პუტინთან სიახლოვის შედეგად გააკეთეს. სია, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, რუსეთის „ფორბსის“ სიას ეყრდნობოდა, რაც აბსურდი იყო. ამ ადამიანების ნაწილი რუსეთში აღარც კი ცხოვრობს, ზოგი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ზოგი პუტინის მოწინააღმდეგე და ზოგიც პუტინის მსხვერპლია. „კრემლის სია“ ცუდ ხუმრობას ჰგავდა. ახალი სანქციების სამიზნეები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ფული პუტინთან სიახლოვით გააკეთეს.
რამდენად მტკივნეული იქნება ეს სანქციები მათთვის?
ამ ადამიანებს ამერიკულ საბანკო სისტემაში ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ ექნებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ დოლარებში ტრანზაქციების განხორციელებაც აღარ შეეძლებათ. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია.
თქვენ წინადადებით გამოდიხართ, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების აქტივები გაყინონ.
ვფიქრობ, რომ უკვე სანქცირებული ადამიანების აქტივები უნდა გაიყინოს. ეს არ არის სახელმწიფო რეზერვები ან ზოგადად რუსული აქტივები. მე ვსაუბრობ ძმებზე არკადი და ბორის როტენბერგებზე, პუტინის ბანკირ იური კავალჩუკზე, გენადი ტიმჩენკოზე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად აწარმოებენ ბიზნესს პუტინთან. ამერიკამ მათ სანქციები 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაუწესა, მაგრამ მათი აქტივები არ გაუყინავს. ამ ადამიანებს ამერიკაში, ალბათ, ათობით მილიარდი დოლარი აქვთ დაბანდებული.
როგორ განსხვავდება სანქციები აქტივების გაყინვისგან?
სანქციებს სამი მიზანი აქვს, ამ ადამიანებს ამერიკაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, გაყინოს მათი აქტივები შეერთებულ შტატებში და ბიზნესის წარმოებაში ყველანაირად შეუშალოს ხელი.
ანუ დაწესებული სანქციები არ სრულდება?
სანქციები არ სრულდება იმის გამო, რომ ამერიკაში ანონიმური მფლობელობა კანონითაა დაშვებული. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ზოგიერთ რუს ოლიგარქს ფიქტიური კომპანიების 20-30 შრე აქვს. რუსეთიდან ფული კვიპროსის გავლით გამოდის და იქ რამდენიმე ოფშორული კომპანია იქმნება, იქიდან თანხა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე იგზავნება სადაც ფიქტიური კომპანიების დამატებითი შრეები იქმნება, იქიდან კაიმანის კუნძულებზე მიდის და საბოლოო ჯამში, ფული ამერიკის შტატ დელავერამდე ჩამოდის, სადაც ერთ შენობაში 200 ათასზე მეტი ფიქტიური კომპანიაა დარეგისტრირებული.
ტერორიზმის დაფინანსების, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრების და სხვა დანაშაულების აღკვეთის, ასევე საერთაშორისო საბანკო გამჭვირვალობის მიზნით უამრავი რეგულაცია არსებობს. ამ კანონების ფონზე, რატომ და როგორ არის დაშვებული საკუთრების ანონიმური მფლობელობა ამ ქვეყანაში?
ეს სწორი შეკითხვაა. ოთხი დიდი პრობლემა გვაქვს. ამერიკაში დაშვებულია ქონების მფლობელის ანონიმურობა. ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს კანონით იკრძალება. ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ანონიმურობა დაშვებულია. მეორე პრობლემა ისაა, რომ „პატრიოტის აქტში,“ რომელმაც საბანკო სისტემა, ასე ვთქვათ, გაასუფთავა, უძრავი ქონების საკუთრება შეყვანილი არ არის. მესამე პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამერიკაში ფულის შემოტანა იურიდიული ფირმების მეშვეობით შეიძლება, რომლებიც ბანკებივით იქცევიან და კლიენტის კონფიდენციალურობის დაცვის პრივილეგიით სარგებლობენ. ამით ამერიკაში ფულის საიდუმლო გადარიცხვები შემოდის და უძრავი ქონების ყიდვა ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება. მეოთხე პრობლემა კი ისაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებმაც ეს სქემები უნდა გამოიძიოს, ძალიან ცოტა თანამშრომელი ჰყავს.
ამაში გათეთრებული ფულიც შედის? ამერიკის მთავრობა ქვეყანაში გათეთრებული ფულის მხოლოდ ერთი მეათედის გამოვლენას ახერხებს. ამ ფულითაც ხდება ქონების ყიდვა?
კი. საბოლოო ჯამში, ბანკები საკუთარ თავის აუდიტს თვითონ აკეთებენ. ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ თვით-შემოწმების მექანიზმები შეინარჩუნონ და ჯარიმები თავიდან აიცილონ. ამერიკის მასშტაბით, ფინანსურ პოლიციაში 300 ადამიანი მუშაობს, რის პოვნას შეძლებენ ისინი?!
ახლა კრემლთან დაკავშირებულ პირთა პერსონალურ ქონებაზე გადავიდეთ. როგორ აკეთებენ ეს ადამიანები ამდენ ფულს? ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, პუტინის გარემოცვის ქონება 2004 წლის შემდეგ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ფულის დიდი მანქანა რუსეთში „გაზპრომია.“ პუტინი და მისი მეგობრები ექსკლუზიურად გაზპრომისთვის აფორმებენ კონტრაქტებს ისეთი პირობებით, რომლებიც საბაზრო ფასებთან შედარებით სამჯერ ძვირია. ეს განსაკუთრებით არკადი როტენბერგს და გენადი ტიმჩენკოს ეხება, რომლებიც ამ კონტრაქტების სპეციალისტები არიან. ამასთან ერთად, „რუსეთის ბანკი,“ რომელსაც პუტინის ბანკირი იური კოვალჩუკი მართავს. კოვალჩუკმა მედია საშუალებები და „გაზპრომის“ ფინანსური აქტივები ძალიან იაფად იყიდა. ამ გზით, მათ კომპანიის კუთვნილი დიდძალი თანხა თავისთვის დაირიგეს. კიდევ ერთი მეთოდი, სახელმწიფო ბანკებიდან სესხების გამოტანა და მათი უკან არ დაბრუნებაა. დიდძალი ფული ასევე კეთდება აქციებზე ფასების მანიპულირებით. „გაზპრომიდან“ პუტინმაც დიდი წილი მიიღო. კომპანიის რესტრუქტურიზაცია 2006 წელს მოხდა და მაშინ პუტინს აქციების 4-დან 6 პროცენტამდე მისცეს.
ანუ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია?
ალბათ. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რიცხვს ასახელებს. მე ვიტყოდი, რომ მისი ქონება 50-დან 200 მილიარდამდე მერყეობს. თუმცა, მარტივი სიმართლე ისაა, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს არ ვიცით იმის გამო, რომ ეს ფული უამრავი ფენის ქვეშაა დამალული და საზღვარგარეთ საკუთრებით ანონიმურ მფლობელობას აფარებს თავს. ამ ადამიანებს სიმდიდრე არ უნდათ. ქონებას ისინი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აგროვებენ.
თუ ისინი ანონიმურად ფლობენ ქონებას ეს იმას ნიშნავს, რომ საჯაროდ მის გამოყენებას და ლეგიტიმური ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ. თქვენ ამბობთ, რომ ფული მათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. რას ამბობს ეს ყველაფერი რუსეთის მომავალზე?
ძალიან ბევრს. ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო აპარატები მომართულია იმისკენ, რომ დღევანდელ მმართველ გუნდს ძალაუფლება შეუნარჩუნოს. ისინი მოსახლეობის წინაშე ვალდებულებას არ კისრულობენ მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ეს ასევე იმის ნიშანიცაა, რომ სანამ ეს გუნდი ხელისუფლებაშია, რუსეთში მმართველობის სტრუქტურის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სერიოზული რეფორმები არ განხორციელდება.
არსებობს მოსაზრება, რომ იმის გამო, რომ რუსეთის ეკონომიკა შედარებით სუსტია, საერთაშორისო ასპარეზზე პუტინი ასიმეტრიულ მეთოდებს მიმართავს, რომლებიც სავარაუდოდ უფრო იაფია. თქვენ ფიქრობთ, რომ პუტინის გარემოცვის აქტივების გაყინვა დასავლეთში კრემლს ამ სტრატეგიას შეაცვლევინებს?
დიახ, ასე ვფიქრობ. ამ მოქმედებით პუტინის გარემოცვას მკაცრი მესიჯი გაეგზავნება, რომ პუტინს სისუსტეები აქვს და რომ მასთან ძალიან ახლოს ყოფნა მათთვის კარგი არ არის. უცნაური ისაა, რომ პუტინი და მისი მეგობრები საკუთარ ქონებას დასავლეთში ინახავენ, იმიტომ რომ რუსეთში საკუთრების უფლება სანდოდ არ არის დაცული. ისინი დასავლეთში კანონის უზენაესობის პრინციპებით სარგებლობენ, სადაც ანონიმურად დაბანდებულ ქონებას კანონი იცავს და სადაც ეკონომიკას სიღრმე აქვს. ასეთი ორი ქვეყანა კი ამერიკა და დიდი ბრიტანეთია.
Facebook Forum