ტრამპი მთავრობის რეკორდულ, 25-დღიან დახურვას დემოკრატებს აბრალებს

გამოკითხულ ამერიკელთა უმეტესი ნაწილი, შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივ დახურვაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს. 6 წამყვანი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელების, სულ ცოტა, ნახევარს, ან კიდევ უფრო მეტს მიაჩნია, რომ შექმნილი ვიათარება პრეზიდენტის და მისი ლიდერობით მოქმედი რესპუბლიკური პარტიის ბრალია. გამოკითხულთა 63 პროცენტი მხარს უჭერს დემოკრატ კანონმდებელთა შეთავაზებას მთავრობის ნაწილის ამუშავების შესახებ - ნათქვამია კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვების შედეგებში, რომლებიც ორშაბათს გამოქვეყნდა.

დღეს 25-ე დღე დაიწყო, რაც ამერიკის ფედერალურ მთავრობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება და ხელფასს ვერ იღებს. საუბარია, დაახლოებით, 800 000 ადამიანზე. ხელფასი ასევე არ ეხდება იმ უწყებების თანამშრომლებს, ვინც მუშაობას სპეციალური სტატუსის გამო, მაინც აგრძელებს.

თუმცა, ამერიკელ ფერმერებთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობას მისი ოპოზიციაც, კონგრესის დემოკრატი წევრებიც თანაბრად ინაწილებენ. ტრამპის თქმით, თანამედროვე დრონები და სენსორები საზღვრის უსაფრთხოების დაცვის არაადეკვატური მეთოდებია და მხოლოდ “რკინის, ან ბეტონის ძლიერ ბარიერს” შეუძლია უკანონო იმიგრანტების ქვეყანაში შემოშვების შეჩერება.

ამერიკის დაცვის მცდელობისგან “უკან არასდროს დავიხევ” - დაიმუქრა ტრამპი ამერიკელ ფერმერთა ბიუროს საიუბილეო, მე-100 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში კედლის ასაშენებელ თანხებზე უარის თქმას, დემოკრატები 2020 წლის არჩევნებზე მისი ხელმეორედ არჩევის დასაბრკოლებლად იყენებენ.

დემოკრატთა ლიდერობით მოქმედმა წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე ზომა დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დახურულ უწყებებს აამოქმედებს. დღეს კიდევ ერთ კანონპროექტს უყრიან კენჭს, მეორეს - ხუთშაბათისთვის ამზადებენ. კონგრესის დემოკრატი ლიდერები მომხდარში პრეზიდენტს ადანაშაულებენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ორშაბათს, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკელებს, რომ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, კედლის ფული მექსიკას უნდა გადაეხადა და არა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს.