წლების განმავლობაში ჩინეთში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქე: მარკ სვიდანი, კაი ლი და კონ ლეუნგი, სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი სპეციალური რეისით ჩინეთიდან ტეხასში, სან-ანტონიოს სამხედრო ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მანამდე, ვაშინგტონსა და პეკინს შორის პატიმრების გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ, განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გათავისუფლებულ ამერიკელებს ტელეფონით ესაუბრა. „ბედნიერი ვარ, რომ ისინი სახლში არიან“,- განაცხადა მან.
მარკ სვიდანს ჩინეთში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, რადგან ის ნარკომანიის ბრალდებით დააკავეს, ლის და ლეუნგს კი ჯაშუშობას ედავებოდნენ.
პარალელურ რეჟიმში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩინეთში მოგზაურობისგან. ამის მიზეზი ჩინეთში ამერიკის მოქალაქეთა დაკავების მაღალი რისკის არსებობაა.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის მომხდარი შეთანხმების საფუძველზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს გადასცა 4 ადამიანი. პეკინი მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.
Your browser doesn’t support HTML5