ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკა და კანადა ტრამპს აფრთხილებენ ტარიფები არ გაზარდოს


ოთხშაბათს, 27 ნოემბერს მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა სამაგიეროს გადაუხდის, თუ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ გაჟღერებულ წინადადებას განახორციელებს და საერთო 25-პროცენტიან ტარიფს დააწესებს. მექსიკის მთავრობამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ასეთი ნაბიჯი შეერთებულ შტატებში 400,000 სამუშაო ადგილს გააქრობს და ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის.

„თუ იქნება ამერიკული ტარიფები, ტარიფებს მექსიკაც გაზრდის“, განაცხადა შეინბაუმმა პრეს-კონფერენციაზე.

მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა მარჩელო ებრარდმა თქვა, რომ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფების გამო, შესაძლოა, ხალხმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილების მასობრივად დაკარგოს. ამასთან ერთად ის დაარტყამს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქონელს მექსიკაში აწარმოებენ და სინამდვილეში მათ გადასახადებს გაუორმაგებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, წარმოდგენილ ტარიფებს დეტროიტის სამი წამყვანი ავტომწარმოებლის „მთელი მოგების ეფექტურად გაქრობა“ შეეძლება.

ტარიფებზე კოორდინირებული პასუხის გაცემას კანადაც გეგმავს. სავარაუდო ტარიფების ერთ-ერთი სამიზნე კანადის ნავთობის სექტორია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, ამერიკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავებული ნავთობის მეხუთედი კანადიდან არის იმპორტირებული.

მექსიკის პრეზიდენტმა შეინბაუმმა და ტრამპმა ოთხშაბათს ტელეფონით ისაუბრეს და „უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს“. ეს ამბავი მექსიკის პრეზიდენტმა X-ზე გამოაქვეყნა.

ტრამპმა Truth სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ ტრამპი და შეინბაუმი „შეთანხმდნენ მექსიკის გავლით ამერიკაში მიგრაციის შეჩერებაზე და ეფექტურად ჩვენი სამხრეთი საზღვარი იკეტება“.

ადრე ტრამპმა თქვა, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, სანამ ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, და მიგრანტების ამერიკაში შესვლა არ გაკონტროლდება.

შეინბაუმმა თქვა, რომ მიგრანტების ქარავნები ამერიკა-მექსიკის საზღვარზე აღარ მიდიან, „რადგან მათთვის მექსიკაში ზრუნავენ“.

რამდენიმე ათასი მიგრანტისგან შემდგარი ქარავანი სამხრეთ მექსიკის გავლით ამერიკის საზღვრისკენ მიემართებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მათი რიცხვი შემცირდა.

XS
SM
MD
LG