29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი.
პოლიციელთა ნაწილი აგრესიულადაა განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.
რეპორტიორების ნაწილს წიწაკის სპრეი შეასხეს.
რადიო თავისუფლების კიდევ ჟურნალისტს ერთ-ერთმა პოლიციელმა განუცხადა: „თქვენ აფუჭებთ საქმეს“.
მოგვიანებით, 02:50 საათისთვის პოლიციამ ჟურნალისტები გაარიდა მოვლენების ეპიცენტრს.
დაშავებულთა შორის არიან:
- მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
- ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
- „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
- კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.