თბილისში და ქვეყნის სხვა ოთხ ქალაქში, მოქალაქეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები.
თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია „ქართული ოცნების“ მთავარი ოფისის წინაც იმართებოდა, რომლის მონაწილეებიც პარლამენტთან გამართულ დემონსტრაციას უერთდებიან.
დემონსტრაციები მიმდინარეობს გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბა.
რამდენიმე წუთის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები მიიწვია და როგორც თვითონ განაცხადა, მიმართა „ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები“. პრეზიდენტმა დიპლომატებს ახალი არჩევნების დანიშვნაში და ჩატარებაში დახმარება სთხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მასში მონაწილე მოქალაქეებს, პროტესტის კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად გამოხატვისკენ მოუწოდებს.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე პოლიციის სპეცტექნიკაა მობილიზებული. პოლიციის დამატებითი ძალები პარლამენტის ეზოშიც განლაგდა.