ათასობით ჩეხი კვირას პრაღის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. ისინი მაღალი ინფლაციისა და ენერგო რესურსებზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას არ უთქვამს რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, სახელწოდებით "ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ".
საპროტესტო აქცია, ისევე როგორც მარტის მსგავსი დემონსტრაცია, არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიამ PRO დააორგანიზა, რომელიც პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას ენერგეტიკული კრიზისის გადაუჭრელობის გამო აკრიტიკებს. ჩეხეთში ენერგო კრიზისი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიქმნა.
ასევე ნახეთ: შეუძლია თუ არა უკრაინის მარცვლეულის დერეფანს შეამსუბუქოს გლობალური სასურსათო კრიზისი?„მოიხმეთ ღირსების უკანასკნელი ნარჩენები და გააცნობიერეთ, რომ არ ხართ ადეკვატური და გადადექით თანამდებობიდან“, - თქვა საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა.
ჩეხეთის რესპუბლიკა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, მზარდი ინფლაციის გამო პრობლემებს განიცდიან. ინფლაციამ გასულ წელს ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. ჩეხეთის ტელევიზიის „კანტარის“ ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხუთი პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობის მხარდაჭერა მცირდება.