GDRP-ის პროგრამით პირველი ქართული ბატალიონი გადამზადდა

43-ე ბატალიონის მებრძოლები GDRP-T-ის პირველი როტაციის კულმინაციურ საველე სწავლებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჰქვია, პირველი ქართული ქვედანაყოფის გადამზადება დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა 13 კვირიანი ინტენსიური წვრთნა ვაზიანის და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიარა.

საბრძოლო მომზადების სრულ ციკლს, რომელიც რეალურ საომარ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) 50 ქართველ ინსტრუქტორთან ერთად, 30 ამერიკელი ინსტრუქტორიც ხელმძღვანელობდა, ისინი აშშ-ის ევროპული არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 503-ე ქვეითი პოლკის, მეორე ბატალიონის წარმოადგენენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართული ქვედანაყოფი ექვსი მიმართულებით შეაფასეს: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების და სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.

ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მაიორმა ნათან შოუმენმა 43-ე ბატალიონის მომზადებას უმაღლესი შეფასება მისცა:

დღეს 43-ე ბატალიონს საქართველოს ეროვნული თავდაცვისთვის მზადყოფნის უმაღლესი ხარისხი გააჩნია“
ნათან შოუმენი, მაიორი, ამერიკელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი

„ჩემთვის 43-ე ბატალიონთან თანამშრომლობა დიდი პატივი იყო. ქვედანაყოფმა უდიდესი სამუშაო შეასრულა. ბატალიონის პროგრესი წვრთნის განმავლობაში დღითიდღე შეიმჩნეოდა. დღეს 43- ბატალიონს საქართველოს ეროვნული თავდაცვისთვის მზადყოფნის უმაღლესი ხარისხი გააჩნია.“

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნებში ჩართვამდე 43-ე ბატალიონი სრულად აღიჭურვა თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით.

წვრთნების დასრულების შემდეგ კი ქვედანაყოფმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელობის რეკომენდაციით, მიღებული საბრძოლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (homestation training plan) შეიმუშავა.

მას შემდეგ რაც, GDRP-ის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღინიშნა, ბატალიონი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა და უკვე ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას.

ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი, პერიოდულად მონიტორინგს საქართველოს თავდაცვის სამინისტრის გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს. 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ამბობს:

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 43-ე ბატალიონი ძლიერი საბრძოლო ძალაა, როგორც პირადი შემედგენლობით, ისე სამეთაურო დონეზე"
ლაშა დავითაძე, ვიცე-პოლკოვნიკი, 43-ე ბატალიონის მეთაური

„ქვედანაყოფმა თავისი საბრძოლო გამოცდილება აიმაღლა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 43-ე ბატალიონი ძლიერი საბრძოლო ძალაა, როგორც პირადი შემედგენლობით, ისე სამეთაურო დონეზე. ბატალიონი მზად არის ყველა ამოცანის შესასრულებლად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვასთან არის დაკავშირებული.“

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი უპრეცედენტო პროექტია, რომელიც 2018 წლის 18 მაისს დაიწყო.

პროგრამა ამერიკული დაფინანსებით გახსნილ, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC), საერთო ჯამში, 9 ქართული ბატალიონის გადამზადებას ითვალისწინებს. 43-ე ბატალიონის შემდეგ, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით წვრთნას უკვე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გააგრძელებს.

GDRP-ის მთავარი მიზანი, რომელსაც აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა კურირებს, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების ხელახლა დაკომპლექტება, წვრთნა, აღჭურვა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

43-ე ბატალიონი