ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ ავღანეთში 31-ე ჯარისკაცი დაკარგა


ვასილ ყულჯანიშვილი (მარჯვნივ)
ვასილ ყულჯანიშვილი (მარჯვნივ)

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთის ტერიტორიაზე, მიმდინარე „მტკიცე მხარადჭერის“ მისიაში პირველი ჯარისკაცი დაკარგა. 2009 წლიდან, მთლიანი დანაკარგი, ავღანურ სამშვიდობო მისიაში კი უკვე 31 ჯარისკაცს შეადგენს.

ფარვანას პროვინციაში პატრულირებისას, ამჯერად პირველი კლასის რიგითი, 21 წლის, რუსთაველი ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა. მისი თანამებრძოლი სერჟანტი პაატა როსტობაია კი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში ირიცხებოდა.

43-ე ბატალიონი ავღანეთში, 2015 წლის მარტის ბოლოს იქნა გადასროლილი. მათ წვრთნა ვაზიანის, ალგეთისა და გერმანიაში, ბად-ზალცუნგენის პოლიგონებზე გაიარეს. აპრილში კი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან, 47 კილომეტრით მოშორებულ ბაგრამის ავიაბაზაზე შეუდგნენ მისიის შესრულებას.

ქართული ბატალიონის მთავარი ამოცანაა, ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის უდიდესი ავიაბაზის - ბაგრამის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მუდმივად ხდება ავიაბაზის პერიმეტრის პატრულირება, კომბინირებული პატრულირება ავიაბაზის მიმდებარე სოფლებში და ჰუმანიტარული ოპერაციები. სექტემბრის დასაწყისში, 43-ე ბატალიონის მეომრებმა, თბილისელი პატარების საჩუქარი, სასკოლო ნივთები - სოფელ ჯარჩის სკოლაში მიიტანეს.

43-ე ბატალიონი პირველ ავღანურ, 6 თვიან მისიას, სექტემბრის ბოლოს დაასრულებს,სამწუხაროდ, დანაკარგით. შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დღეს ბრძანა, რომ რიგითი ყულჯანიშვილი გმირულად დაიღუპა

„დანაყოფი ჩვეულებრივად ახორციელებდა საღამოს პატრულირებას, უკან დაბრუნებისას, მოხდა თავდასხმა. პირდაპირი ცეცხლით, სროლებისას დაიჭრა სერჟანტი როსტობაია, როცა ხდებოდა დაჭრილის ევაკუაცია, დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილი. მან შეასრულა თავისი ამოცანა, დაიცვა დანაყოფი, მოხდა დაჭრილის ევაკუირება, მაგრამ თავად სამწუხაროდ, სასიკვდილოდ დაიჭრა. ასე დავკარგეთ, ახალგაზრდა, კაი ყრმა.“

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაბმამდე, 2009-დან 2014 წლამდე აისაფის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. 2010 წელს ავღანეთში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა; 2011 წელს - 6; 2012 წელს - 8; 2013 წელს - 10 მეომარი და 2015-ში - 2 ჯარისკაცი. აქედან ერთი, ივნისში გარდაცვლილი კაპრალი დავითაია, რომელიც მძიმედ სამი წლის წინ დაიჭრა და გერმანელი, ქართველი და ამერიკელი ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე და 42-ე ბატალიონებმა ნახეს. მათ ჰელმანდის პროვინციაში, შესაბამისად: 12 და 10 ჯარისკაცი დაეღუპათ. სამ-სამი ჯარიკაცი დაკარგეს 32-ე და 33-ე ბატალიონებმა. თითო-თითო დანაკარგით დაასრულეს აი-სა-ფის მისია 12-ე და 23-ე ბატალიონებმა.

გუშინ, ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის შემდეგ, რომელსაც 21 წელი, აგვისტოში, სწორედ ავღანეთში შეუსრულდა, ამ სიას, 43-ე ბატალიონიც მიემატა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარს ტრაგედია უწოდა და ფინანსთა მინისტრს დაღუპული მეომრის ოჯახისთვის 100 000 ლარის გამოყოფა დაავალა.

„მე მინდა მივუსამძიმრო ჩვენი ჯარისკაცის ოჯახს, ეს საშინელი ტრაგედიაა. ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, უზრუნველყონ კანონით გათვალისწინებული 100 000 ლარის გამოყოფა, კონპესაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის.“

ნატოს არაწევრი საქართველო კვლავ რჩება საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთ მსხვილ კონტრიბუტორად. ამჟამად ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში, 900-მდე ქართველი მებრძოლია ჩართული. ფარვანას პროვინციაში, ბაგრამის ავიაბაზაზე დისლოცირებული, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონთან ერთად, იმყოფება ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული.

ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარი-შარიფში კი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაშია მე-3 ქვეითი ბრიგადის, 32-ე ბატალიონის ასეული. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინას, 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული იცავს.

სექტემბრის ბოლოს ხუთი ქართველი სამხედრო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრება, და, იქ, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე, სამშვიდობო ოპერაციაში ჩაებმება.

რიგითი ყულჯანიშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ, საქართველოს დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეში, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიაში. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების დროშა - თბილისში, ამერიკის საელჩოში.

მტკიცე მხარდაჭერისა და აი-სა-ფის მისიაში დაღუპული ქართველები

05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31-ე ბატალიონი)
30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31-ე ბატალიონი)
22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32-ე ბატალიონი)
14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32-ე ბატალიონი)
24/05/2011 სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33-ე ბატალიონი)
20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33-ე ბატალიონი)
01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33-ე ბატალიონი)
30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31-ე ბატალიონი)
07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31-ე ბატალიონი)
21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31-ე ბატალიონი)
24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31-ე ბატალიონი)
26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31-ე ბატალიონი)
11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32-ე ბატალიონი)
29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12-ე ბატალიონი)
13/05/2013 სერჟანტი ზვიად დავითაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42-ე ბატალიონი)
13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი ზვიად სულხანიშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42-ე ბატალიონი)
06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42-ე ბატალიონი)

08/06/2015 კაპრალი რამაზ დავითაია (23-ე ბატალიონი)

22/09/2015 რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი (43-ე ბატალიონი)

XS
SM
MD
LG