ტეხასის შტატში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. გუშინ ღამით, ქალაქ სან-ანტონიოში მდებარე, “ფედექსის” ერთ-ერთ ოფისთან ყუთში დამონტაჟებული მოწყობილობა აფეთქდა. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი.
გამოძიების ფედერალური ბიურო ცდილობს დაადგინოს, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი შტატის დედაქალაქ ოსტინში მომხდარი აფეთქებების სერიას. სან-ანტონიოში აფეთქებული ყუთი ოსტინში უნდა გაგზავნილიყო, ქალაქში, სადაც მარტის თვეში ზედიზედ 4 აფეთქება მოხდა.
გამომძიებლების თქმით, კვირას, ოსტინში მომხდარი, რიგით მეოთხე აფეთქება გაცილებით უფრო “დახვეწილი” ტექნოლოგიით იყო მომზადებული. აფეთქების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მანამდე, 2 მარტს მომხდარ აფეთქებაში 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ასაფეთქებელ მოწყობილობებს შორის არსებული მსგავსების გამო, სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სერიულ ამფეთქებელთან აქვთ.