ოთხშაბათს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, იმ დროს როდესაც მაღალმა ინფლაციამ მთელ მსოფლიოში ცხოვრება გააძვირა, თელ-ავივი მსოფლიოში ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია.
ისრაელის ქალაქის პოზიციამ, ავტორიტეტული „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტ“-ის შეფასებაში ხუთი საფეხურით აიწია და უმაღლეს პოზიციაზე პირველად აღმოჩნდა.
მსოფლიოს მასშტაბით ცხოვრების ღირებულების ინდექსი, 173 ქალაქში საქონელზე და მომსახურებებზე ფასების შედარებით გამოითვლება. ფასების დადგენა ამერიკულ დოლარში ხდება.
თელ-ავივი ზედა პოზიციაზე, ნაწილობრივ დოლართან მიმართებაში მყარი ეროვნული ვალუტის - შეკელის და ასევე ტრანსპორტზე და სურსათზე ფასების ზრდის მეშვეობით მოხვდა.
მეორე ადგილს, თითქმის ერთნაირი მონაცემებით, პარიზი და სინგაპური იყოფენ, მათ ციურიხი და ჰონგ-კონგი მოჰყვება. ნიუ-იორკი მეექვსე ადგილზე იყო, ჟენევა მეშვიდეზე.
პირველ ათეულში, კოპენჰაგენი მერვე ადგილზეა, ლოს-ანჯელესი მეცხრეზე და იაპონიის ოსაკა - მეათეზე.
გასულ წელს პირველი ადგილი პარიზმა, ციურიხმა და ჰონგ-კონგმა გაინაწილეს.
ამ წლის ციფრები აგვისტოში და სექტემბერში შეგროვდა, როდესაც ტრანსპორტის და საქონლის ფასები გაიზარდა, რამაც აჩვენა, რომ ადგილობრივ ვალუტაზე გაანგარიშებით, ფასების საშუალო ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ტემპი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.
ინფლაციის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი არ მოიცავს ოთხ ქალაქს, კარაკასს, დამასკოს, ბუენოს-აირესს და თეირანს, სადაც ინფლაციის უაღრესად მაღალი დონეა.
ცხოვრებისთვის მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ძვირი ქალაქი, დამასკო აღმოჩნდა.