1 ივნისიდან, დაახლოებით ნახევარ მილიონ თბილისელს ბუნებრივი აირი 8 თეთრით უძვირდება. თუ აქამდე გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი - 1 კუბ/მეტრ აირზე 46 თეთრს შეადგენდა, ხვალიდან თითქმის 54 თეთრი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე ფასი 8 ლარით გაიზარდა.
გაზი თბილისში ბოლოს 2017 წელს გაძვირდა, „თბილისი ენერჯის“ (მაშინდელი „ყაზტრანსგაზ თბილისის") მომხმარებლებისთვის ფასმა 45.6 თეთრიდან 46.1 თეთრამდე აიწია. 2018 წელს სემეკმა მოულოდნელად ეს ტარიფი მცირედით - 0.014 თეთრით შეამცირა და განაცხადა, რომ 2023 წლამდე გაზის ფასი აღარ შეიცვლებოდა.
წინა კვირას, „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა ) გაზი 8 თეთრით გააძვირა.
არ ვიცი სადამდე გავქაჩავთ, წლის დასაწყისში გაძვირდა დენი და წყალიც, თითქოს სუბსიდიას გვიკეთებდნენ, შემდეგ მთავრობამ ესეც მოხსნა, ახლა გააძვირეს გაზიც! ზამთარს გადავიტანთ? ლარი და ფასები ერთად მიფრინავს, ხელფასს ინფლაცია ჭამს, უკან უკან მივდივართ, ამ რეგრესს ყველა მიმართულებით დასასრული არ უჩანსხათუნა, თბილისის მკვიდრი
„ტარიფის გადახედვა ახლა ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა, სწორედ ამიტომ მოგვმართა „თბილისი ენერჯიმ“, ლარის კურსის რყევების გამო გადაგვეთვალა ტარიფი, რადგან მათ ბუნებრივი აირის მიწოდება მომხმარებელზე ძვირი უჯდებოდათ და ამის გამო 2020 წლისა და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში, 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ. ჩვენ ტარიფი 2023 წლამდე დავადგინეთ და ის მაშინ 2.97 ლარის კურსზე იყო გაანგარიშებული“ - ასე ხსნის გაზის გაძვირებას თბილისელებისთვის სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
„თბილისი ენერჯის“ შემდეგ, სემეკისგან ტარიფის გაზრდას ასევე ითხოვენ „ვარკეთილ აირი“ და „ენერგო კავშირი“, ეს გაზგამანაწილებელი კომპანიები თბილისში ოპერირებენ და გაზს ვარკეთილის, გლდანისა და მუხიანის აბონენტების ნაწილს აწვდიან. სემეკმა უკვე დაადასტურა, რომ „ვარკეთილ აირის“ (ამჟამინდელი ტარიფია 48.6 თეთრი) და „ენერგოკავშირის“ (ტარიფია 49.4 თეთრი) მომხმარებლებს, „იგივე სქემით“, ბუნებრივი აირი 1 ივლისიდან გაუძვირდებათ.
ლარის გაუფასურების მიზეზით, „თბილისი ენერჯიმ“ ჯერ კიდევ 2021 წლის 3 იანვრიდან, 18 ათასს კომერციულ აბონენტს, გაზი 24 თეთრით გაუძვირა, არასამომხმარებლო ტარიფი - 1 კუბ/მეტრ აირზე ფასი 86 თეთრიდან 1.10 თეთრამდე გაიზარდა. რეგიონებში მოსახლეობისთვის კი „სოკარ ჯორჯია გაზის“ ტარიფი 1 კუბ/მეტრ აირზე 57 თეთრს შეადგენს.
„მე არ ვიცი სადამდე გავქაჩავთ, წლის დასაწყისში გაძვირდა დენი და წყალიც, თითქოს სუბსიდიას გვიკეთებდნენ, შემდეგ მთავრობამ ესეც მოხსნა, ახლა გააძვირეს გაზიც! ზამთარს გადავიტანთ? ლარი და ფასები ერთად მიფრინავს, ხელფასს ინფლაცია ჭამს, უკან უკან მივდივართ, მესმის რო პანდემიაა, გლობალური კრიზისია, მაგრამ ამ რეგრესს ყველა მიმართულებით დასასრული არ უჩანს“ - გვეუბნება თბილისის მკვიდრი ხათუნა, რომელიც ოთხსულიან ოჯახს ინახავს.
ბოლო 15 წლის მანძილზე, თბილისში, ბუნებრივი აირის ტარიფი 25 თეთრით არის გაზრდილი. 2006 წელს, მაშინდელი „თბილგაზის“ აბონენტებისთვის 1 კუბ/მეტრ აირის ღირებულება 28.9 თეთრს შეადგენდა, 2007 წელს ფასი ჯერ 34, შემდეგ კი 50.6 თეთრამდე გაიზარდა, ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს გაზის ტარიფის 5-თეთრიანი სუბსიდირება დაიწყო და 1 კუბ/მეტრ აირის ფასი 45 თეთრი გახდა. ტარიფის სუბსიდირება 2017 წლის ზაფხულში შეწყდა, ფასი ისევ ზემოთ წამოვიდა და ამჟამად 54 თეთრის ნიშნულზეა.
Facebook Forum