ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ინფლაცია 13-წლიან მაქსიმუმს აღწევს


სამომხმარებლო ფასები ევროკავშირის იმ 19 ქვეყანაში, სადაც ფულად ერთეულად ევროს იყენებენ, ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის პროცესის პარალელურად, ფასები ენერგიაზეც იზრდება.

ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო "ევროსტატმა" განაცხადა, რომ ბლოკის მასშტაბით ინფლაცია წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 4.1 %-ითაა გაზრდილი. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 3.4 % იყო. ზრდა 2008 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მეღალია. მაშინ ინფლაცია 4.1 %-ს აღწევდა.

ინფლაცია ამ 19 ქვეყანაში დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად პანდემიის შემდგომი გააქტიურების პარალელურად ხდება. თუმცა, თავად ამ აღდგენის პროცესსაც არაერთი შეფერხება აქვს. სამუშაო ძალის სიმცირესთან ერთად, გლობალური იმპორტის პრობლემების გამო მომარაგების ჯაჭვშიც მნიშვნელოვანი ჩავარდნები და შეფერხებებია. დეფიციტი და ფასის ზრდა ეხება თითქმის ყველა პროდუქტს, საკვებიდან დაწყებული, სათამაშოებით დამთავრებული.

თუმცა ფასები ყველაზე მეტად მაინც ენერგიაზეა გაზრდილი. პანდემიით ისედაც დაზარალებული ბიზნესები, რომლებიც პირვანდელ მაჩვენებლებს ჯერ კიდევ არ დაბრუნებიან, გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს ვერ უმკლავდებიან.

ეს ცვლილებები სავარაუდოდ ევროპის ცენტრალურ ბანკს სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმას აიძულებს. მათ შორის - სტიმულირების პაკეტების შეჩერებას, რადგან ინფლაცია ნავარაუდევ 2 %-ზე უკვე ორჯერ მეტია. ცენტრალური ბანკები როგორც წესი, საბანკო განაკვეთს ზრდიან და ფინანსური დახმარების ზომებს აჩერებენ, რათა მზარდ ფასებს გაუმკლავდნენ. თუმცა, ზოგჯერ ისინი მსგავს ნაბიჯებს საერთოდ არ დგამენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ინფლაცია დროებით ფაქტორებს უკავშირდება და ვითარება მალე შეიცვლება. ამჟამადაც ევროპის ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი პანდემიას და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას უკავშირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG