სენატის დემოკრატებმა 3,5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ამ ბიუჯეტის დამტკიცებით, ამერიკაში ჯანდაცვის, განათლებისა და საგადასახადო სისტემების რეფორმების ცვლილებების განხორციელებაც იქნება შესაძლებელი.
გადაწყვეტილება სენატმა ოთხშაბათს, დილით ადრე მიიღო. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 50, მოწინააღმდეგე კი სენატის 49 წევრი, იყო.
"დემოკრატების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი მომავალი თაობებისთვის გარდაქმნის იმას, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა საშუალო ამერიკელებისთვის", - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
სენატორ ბერნი სანდერსის ხელმძღვანელობით დაწერილი ბიუჯეტი საყოველთაო დაზღვევის გაფართოვებას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ფედერალური უსაფრთხოების ქსელის პროგრამების გაძლიერებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ სენატმა ბიუჯეტი მიიღო, მისი ძალაში შესვლისთვის საჭიროა პალატებს შორის კანონპროექტის შეჯერების პროცესის გავლა.
ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგი იყვნენ რესპუბლიკელები. სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკონელმა მწვავედ გააკრიტიკა დემოკრატების მიერ წარდგენილი ბიუჯეტი. საგადასახადო სისტემებში შესატან ცვლილებებს კი "უგუნურება" უწოდა და თქვა, რომ ამერიკას აქამდე მსგავსი არაფერი უნახავს.
Facebook Forum