ტაივანი ამბობს, რომ ჩინეთს აქვს მექანიზმები მის არჩევნებში ჩაერიოს

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და ტაიპეი ამბობს, რომ ოფიციალურ პეკინს „ძალიან მრავალფეროვანი“ გზები აქვს საიმისოდ, რომ ტაივანში დაგეგმილ არჩევნებში ჩაერიოს. საუბარია სამხედრო ზეწოლაზე, ყალბი ამბების გავრცელებაზე, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით მანიპულირებაზე და ა.შ. ამბობს ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალური დირექტორი.

"ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს სამხედრო ზეწოლა, ეკონომიკური იძულება ან ყალბი ამბები არჩევნებში „ომისა თუ მშვიდობის“ ცრუ არჩევანის შესაქმნელად, ამომრჩევლის შეშინების მიზნით", - ამბობს ცაი მინ-იენი და განმარტავს, რომ ტაივანი „განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩინელ კომუნისტებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებთან თანამშრომლობენ“.

ასევე ნახეთ: „გაარჩიეთ სწორი და არასწორი“ - პეკინი ტაივანელებს მიმართავს

ოფიციალურ პეკინს ამ დრომდე არ უპასუხია გამოთქმული ბრალდებების შესახებ. ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. ამასთან, პეკინში ერთკვირიან ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ.

ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ლაი, რომელიც დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ამბობს, რომ ტაივანის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას შეუძლია. ლაი ტაივანის ჩინეთიდან განცალკევების მომხრეა. თუმცა ამბობს, რომ მზად არის ჩინეთთან მოლაპარაკებებისთვის. ტაივანის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მკაფიოდ ამბობს, რომ ჩინეთმა მოლაპარაკებებზე რამდენჯერმე თქვა უარი.

თავის მხრივ ჩინეთი კი 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტაივანის სრუტეში სამხედრო აქტივობებს ზრდის და რეგულარულად გზავნის ხომალდებსა და მებრძოლებს კუნძულის მახლობლად. ხშირია სრუტეში ავიაგამანადგურებლების გადაფრენებიც.

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს გენერალურმა დირექტორმა პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ ბოლო წვრთნები ჩინეთმა სრუტეში გასულ თვეში გამართა და ეს წვრთნები ცაიმ „არანორმალურად“ შეაფასა.

საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში 2024 წლის 13 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძვის.